22 ოქტომბერი 2024,   23:30
ვრცლად
პარტიების წევრები სადამკვირვებლო ორგანიზაციებში - “ქართულმა ოცნებამ“ გაასაჯაროვა სქემა, თუ როგორ იღებდნენ ორგანიზაციები დამკვირვებლის სტატუსს

არჩევნებამდე 4 დღით ადრე, მმართველი პარტია ოპოზიციური პარტიების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების კავშირებზე საუბრობს. “ქართულმა ოცნებამ“ მონიტორინგის შედეგად გამოავლინა, რომ 102 ორგანიზაციიდან 37-ს, მინიმუმ 12 ოპოზიციურ პარტიასთან კავშირი დაუდასტურდა. დამკვირვებლების გარკვეული ნაწილიც პოლიტიკური ორგანიზაციების წევრები არიან.

დამკვირვებლად დარეგისტრირდა ორგანიზაცია “კრიტიკული მოქალაქე,“ რომლის დირექტორი და გამგეობის წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან“, ხულოს საკრებულოს წარმომადგენლები არიან. ამ ორგანიზაციაშია რეგისტრირებული ხულოში, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრიც. ასევე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრია სადამკვირვებლო ორგანიზაცია “ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე. ორგანიზაცია “საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის“ თავმჯდომარე კი, 2017 წელს “ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. დასახელებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების გარკვეული წევრები, ოპოზიციური
პარტიების შემწირველებიც არიან.

მმართველ პარტიაში არ უკვირთ, თუ რატომ ცდილობენ დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციები მათივე პარტიებთან გამიჯვნას. “ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური სუბიექტების დაზიანებას შეგნებულად ერიდებიან.

სადამკვირვებლო ორგანიზაციებში საკუთარი წევრების რეგისტრაციაზე, კომენტარისგან თავს იკავებენ “ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის პარტნიორ პარტიაში. ოპოზიციის მეორე ნაწილში კი ამბობენ, რომ მათაც აქვთ ინფორმაცია
პარტიების მიერ დაფუძნებულ სადამკვირვებლო სუბიექტებთან დაკავშირებით.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებით დღეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონკრეტულ ორგანიზაციებს გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესების გატარება აქვთ დავალებული, თუმცა ეს არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.

ოპოზიციასთან ახლო კავშირების დასადასტურებლად მმართველმა პარტიამ დღეს ის სქემაც გაასაჯაროვა, თუ როგორ იღებდნენ ორგანიზაციები დამკვირვებლის სტატუსს. კონკრეტული ორგანიზაციების სადამკვირვებლო სუბიექტის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო პროცედურების გავლისას, ერთსა და იმავე მინდობილ პირს ირჩევენ.

დღის ამბები