23 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
“მიცხოვრია იმ დროს, როცა მშვიდობა არ იყო და ვიცი, რასაც ნიშნავს“ - “ოცნების“ მხარდასაჭერად თბილისში ბაიკერების მსვლელობა დაიწყო

“ქართული ოცნების“ დასკვნითი შეკრება თბილისში - სამთავრობო პარტია არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მომხრეებს თავისუფლების მოედანზე ელოდება. საღამოს შვიდ საათზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ ბიძინა ივანიშვილი და პარტიის სხვა ლიდერები. როგორც “ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ღონისძიება მასშტაბური იქნება, რადგან დედაქალაქში მცხოვრებლების გარდა ადგილზე იქნებიან რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც.

სანამ შეკრება დაიწყება “ოცნების“ მხარდამჭერები დილიდან მსვლელობას მართავენ თბილისის ქუჩებში. ბაიკერების მსვლელობა უკვე დაწყებულია და “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გადაადგილდებიან დედაქალაქის ქუჩებში. დაახლოებით, 1 საათის წინ დაიწყეს მათ შეკრება ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე და სწორედ აქედან აიღო სტარტი ამ მსვლელობამ. “კურიერი“ მსვლელობის მონაწილეებს გაესაუბრა.

თემო მჟავია, “ქართული ოცნების" მხარდამჭერი:

“ჩვენს მსვლელობას ჰქვია ღირსებით, მშვიდობით, კეთილდღეობით, წინ ევროპისკენ. დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან ადვილია - ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთადერთი არჩევანია და შევიკრიბეთ, რომ მხარი დავუჭიროთ “ქართულ ოცნებას“. დღეს გვექნება მსვლელობა - ბაიკერები ვიმოძრავებთ მთელი ქალაქის მასშტაბით და გავაგებინებთ ადამიანებს ჩვენს ხმას.“

ლევან გოგორელიანი, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი:

“ღირსეულად მივიყვანთ საქმეს ბოლომდე და მთელს ქალაქს გავაგებინებთ, რომ დღეს არის მნიშვნელოვანი დღე და მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის. მიხარია, რომ აქ ვარ და ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება. ყველაფერს ვაკეთებ სიყვარულით. ჩემთვის მთავარია მშვიდობა. ღირსება და კეთილდღეობაც, მაგრამ მშვიდობა მაძლევს ყველაფერს დანარჩენზე ფიქრის საშუალებას. მიცხოვრია იმ დროს, როცა მშვიდობა არ იყო და ვიცი, მახსოვს რასაც ნიშნავს. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის შემთხვევაში წარმომიდგენია საქართველოს განვითარება.“

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები