26 დეკემბერი 2024,   20:45
ვრცლად
"უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე - ამ ქვეყანამ ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას" - ირაკლი კობახიძე

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ირაკლი კობახიძემ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

კობახიძის თქმით, უნგრეთი იყო ქვეყანა, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში დიდი ძალისხმევა გასწია.

პრემიერმა ვიქტორ ორბანს მადლობა გადაუხადა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

"მისი ვიზიტი, ისევე, როგორც თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის. ეს თანამშრომლობა, პარტნიორობა, მეგობრობა ეფუძნება ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულ, მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას. განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით, უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე და უნგრეთმა ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას. ამისთვის მე პირადად ბატონ ორბანს, ისევე, როგორც ჩვენ უნგრელ მეგობრებს, უნგრელ ხელისუფლებას, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, მომავალშიც გვაქვს მხარდამჭერის ძალიან დიდი იმედი. 

ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები, მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას აქტიურად დაიცვას ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, მათ შორის, ქრისტიანული ფასეულობები, მათ შორის, გაუფრთხილდეს ადამიანების პიროვნულ იდენტობას, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. რა თმა უნდა, ჩვენ გვაქვს იგივე ფასეულობები და ვიბრძვით იგივე ფასეულობებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტი. ეს არის პოლიტიკური თანამშრომლობა, რაზეც, პრინციპში, ვისაუბრეთ. ჩვენ მადლობა ვუხდით უნგრეთს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები