04 ნოემბერი 2024,   21:09
ვრცლად
პირველი დაკავებულები - პრეზიდენტისა და ოპოზიციის მტკიცებულებების მოლოდინის პარალელურად, არჩევნების გაყალბების ფაქტზე გამოძიებას უკვე 2 ბრალდებული ჰყავს

საგამოძიებო უწყება, მარნეულში, სადახლოს 69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას 164-ე ტერცია მუხლით აწარმოებს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს. გავრცელებულ ვიდეოში მონაწილე ორივე პირი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა, დაკავებიდან მალევე კი, პროკურატურამ მათ ბრალიც წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორივეს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაკავებულებმა სადახლოს 69-ე უბანზე კანონის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს, რასაც უბნის დახურვა და შედეგების ბათილად გამოცხადება მოჰყვა.

მარნეულში მომხდარი ფაქტი ერთ-ერთია იმ დარღვევათა შორის, რომელიც სამართლიანმა არჩევნებმა საკუთარ ანგარიშში ასახა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მისი დამკვირვებლების მიერ აღმოჩენილ საარჩევნო ხარვეზებზე დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ დარღვევების სიხშირისა და ხასიათის გამო, არჩევნების შედეგები ამომრჩევლის ნებას არ გამოხატავს. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ახსნა ნინო დოლიძემ თუ რატომ არ ასაჯაროებს პარალელური დათვლის შედეგებს.

26 ოქტომბერს, საქართველოში მიმდინარე არჩევნებს აკვირდებოდა ეუთო/ოდირიც. სადამკვირვებლო მისიამ დღეს წინასწარი დასკვნები გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ ხმის მიცემის პროცესი პროცედურული თვალსაზრისით ორგანიზებული სწორად იყო, თუმცა, აქვე წერია ისიც, რომ ფარულობის კუთხით ადგილი ჰქონდა ხარვეზებს. ყველა იმ საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ბოლო რამდენიმე დღეა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები განცხადებებს აკეთებენ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პაპუაშვილმა არჩევნებში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე გაჟღერებულ ინფორმაციას, დეზინფორმაცია უწოდა და თქვა, რომ ახლა, ოპოზიცია და მესამე სექტორი ხმის მიცემის ფარულობის დაცვაზე არასერიოზულად აპელირებს. სავარაუდო საარჩევნო დარღვევებს სწავლობს ოპოზიცია.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მტკიცებულებების შესაგროვებლად სპეციალური ჯგუფი მუშაობს, "ღამის კურიერში" "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა ისიც თქვა, რომ მათ მიერ გაშიფრულ სქემას საზოგადოებას წარუდგენენ მტკიცებულებების აღმოჩენამდე - ოპოზიციაში დღეს ისიც თქვეს, რომ ყველაფერს აკეთებენ ამომრჩევლის გასაბრაზებლად ოპოზიციისა და მესამე სექტორის არგუმენტები სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით არასერიოზულია ხელისუფლებისთვის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპონენტებმა ამ დრომდე ვერც ერთი რეალური ფაქტი, რომელიც არჩევნების შედეგს ეჭვქვეშ დააყენებს ვერ წარმოადგინეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიებას უკვე აწარმოებს პროკურატურაც.

დღის ამბები