08 დეკემბერი 2024,   03:21
ვრცლად
გარკვეული დოკუმენტები საარჩევნო ადმინისტრაციაში 75 წლით ინახება, ზოგი 5 წლით, ზოგი 1 წლის ვადით, ზოგი საერთოდ არ ინახება - ცესკო-ს პრესსპიკერი

"გახარია საქართველოსთვის" სასამართლოს მიმართავს, უზრუნველყოს ცესკო-ს სერვერებსა და ელექტრონულ აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცვა და ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია.

როგორც პარტიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, აქვთ ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა.

ბრალდებებს უკვე უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო დოკუმენტები კანონმდებლობის დაცვით იქნება შენახული და შემდეგ უკვე განადგურებული.

"საარჩევნო ადმინისტრაცია არის ინსტიტუცია, რომელიც კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებს. რაც შეეხება ბაზებზე ინფორმაციის განთავსებას, ხანგრძლივობას და მათ წაშლას, მინდა მოგახსენოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმეთა ნომენკლატურით განისაზღვრება აღნიშნული საკითხი, არის დოკუმენტები საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელიც 75 წლის ვადით ინახება, ზოგიერთი 5 წლის, ზოგიერთი 1 წლის ვადით, ზოგი საერთოდ არ ინახება და არ არის მსგავსი განსაზღვრება გაკეთებული ზოგიერთ დოკუმენტებთან მიმართებაში. თუმცა, გარწმუნებთ და კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ აღნიშნულ  საკითხთან დაკავშირებით არის მკაფიო ჩანაწერი ჩვენს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმეთა ნომენკლატურაში. შესაბამისად, კანონმდებლობის დაცვით იქნება შენახული და შემდეგ უკვე განადგურებული", - აცხადებს ნათია იოსელიანი.

დღის ამბები