08 დეკემბერი 2024,   04:46
ვრცლად
უთანხმოება ოპოზიციის გეგმაზე - ოპოზიციონერმა ლიდერებმა არჩევნებიდან მეხუთე დღესაც მხოლოდ აქციის დაანონსება შეძლეს

ოპოზიციის წინასწარ დაანონსებულ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც სამოქმედო გეგმა უნდა გამოცხადებულიყო, გამოაცხადეს, რომ გეგმას გამოაცხადებენ. შედეგად, სოციალური ქსელები უკმაყოფილო მხარდამჭერების სტატუსები მრავლად დაიწერა:
"მგონი მართლა ტოპ ტვინები არიან", "უსუსურობა", "ხალხს ატყუებენ" ,"სახეზე აწერიათ, რომ პარლამენტში შესვლა უნდათ", "ორშაბათს გვეტყვიან სამშაბათსო", "ოცნება კვდება სიცილით", "ახალ წელს შევიკრიბოთ"- იყო უფრო მკვეთრი და შეურაცხმყოფელი კომენტარებიც. მხარდამჭერები ვერ იგებენ, რატომ კარგავს დროს ოპოზიცია.

გეგმის გამოცხადების გეგმას დღეს უკვე ხალხისთვის მოთხოვნილი კარვები დაემატა - იყიდიან ან იჩუქებენ.

საგანგებო პრესკონფენციაზე შეკრებილმა ოპოზიციის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ მათი გეგმა, გეგმის ორშაბათს გამოცხადებაა. ოპოზიციის ამომრჩეველი იმედგაცრუებული დარჩა, რომ ლიდერებმა არჩევნებიდან მეხუთე დღესაც, მხოლოდ აქციის დაანონსება შეძლეს. აქტივისტებისა და მათი კოლეგა პოლიტიკოსებისთვის ეს არასერიოზული აღმოჩნდა და უკმაყოფილება მწვავე კრიტიკით, სოციალურ ქსელში ცინიკური სტატუსებით საჯაროდ გამოხატეს.

ქუჩის პროტესტის მომხრე თაკო ჩარკვიანი კოლეგებს საპროტესტო მუხტის დაგდებაში ადანაშაულებს. ფიქრობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და მის ახლანდელ პარტნიორებს არც ბრძოლის სტრატეგია და არც რეალური გეგმა აქვთ. იმავე აზრზეა "გირჩიც", თუმცა პარტიაში ფიქრობენ, რომ ბარიერგადალახული სუბიექტები ახლა პარლამენტში შესასვლელად გამოსავალს ეძებენ.

ოპოზიციის ტაქტიკით იმედგაცრუებულ ამომრჩეველს დღეს მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. ექსპრეზიდენტმა მოქალაქეებს პროტესტის თვითორგანიზებისკენ მოუწოდა, მხარდამჭერების უკმაყოფილებას კარვების შეგროვების ინიციატივით უპასუხა ნიკა გვარამიამ.

როგორც აღმოჩნდა, პარტიებს შორის არც საპროტესტო აქციის ფორმები ყოფილა შეთანხმებული - მათ შორის კარვების გაშლა. ამ საკითხზე კონსულტაციები მხოლოდ სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ გაიმართა.

ოპოზიციური სამეულის ტაქტიკას არ იზიარებს მეოთხე - გახარიას პარტია, რომელიც არც გუშინდელ და არც დღევანდელ შეკრებას არ დასწრებია. ექსპრემიერის გუნდში ამბობენ, რომ ისინი საკუთარი ამომრჩევლის მითითებით მოქმედებენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას, რომელსაც პროტესტის საფუძველი არ აქვს, არ აქვს არც გეგმა, თუმცა აქვს ხალხის გაბრაზების მიზანი. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მათმა ოპონენტებმა მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის გაბრაზება შეძლეს, საპროტესტო მუხტის აწევას კი ახლა პროვოკაციებით ცდილობენ.

აქვს თუ არა რეალური გეგმა 3 ოპოზიციურ გაერთიანებას - ეს, სავარაუდოდ, ორშაბათს დაანონსებულ აქციაზე გამოჩნდება, რომელსაც უცნობია, დაესწრება თუ არა ბარიერგადალახული გახარიას პარტია.

დღის ამბები