08 დეკემბერი 2024,   03:42
ვრცლად
მასშტაბური წყალდიდობა ტრაგიკული შედეგებით ესპანეთში - დაღუპულთა რაოდენობა მხოლოდ ვალენსიაში 200-ს გადასცდა, ათეულობით ადამიანი დაკარგულია

ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა ბოლო 50 წლის მანძილზე კატასტროფული შედეგებით - ესპანეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, მხოლოდ ვალენსიაში, 200-ს გადასცდა.

დაღუპულთა სტატისტიკა ყოველ საათში ახლდება, დაკარგულების ზუსტი რაოდენობა კი ჯერ კიდევ არ დაუდგენიათ. ესპანეთი მეოთხე დღეა დამანგრეველი სტიქიის შედეგებს ებრძვის. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი, მანქანების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ნანგრევების გროვადაა ქცეული. ათიათასობით აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, დეფიციტუარია სასმელი წყალი და საკვები.

"ახლა მთავარია გადავარჩინოთ რაც შეიძლება ბევრი სიცოცხლე" - აცხადებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც სტიქიის ზონაში  საკოორდინაციო შტაბს თავად ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ ვალენსიასა და ანდალუსიაში ათასობით მაშველი, სამხედრო მძიმე ტექნიკა და ავიაციაა გადასროლილი, ეს სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. მოსახლეობა უკმაყოფილოა და ხელისუფლებას ადრეული შეტყობინების არაეფექტურობაში ადანაშაულებენ.

სტიქიის ზონაში დარჩენილი მოქალაქეები დასახლებულ პუნქტებს დამოუკიდებლად ვერ ტოვებენ, რადგან სარკინიგზო და ავტოსატრანსპორტო გზები წყალდიდობამ დააზიანა. ესპანეთში მსგავსი მასშტაბის სტიქია ბოლოს 51 წლის წინ 1973 წელს მოხდა.

ვალესნიაში დღეს მზეა, თუმცა სტიქიამ ქალაქს ღრმა და მტკივნეული კვალი დაუტოვა. სტიქიას ესპანეთში 200 ადამიანზე მეტი მსხვერპლი ჰყავს და დიდი ალბათობით ეს ბოლო რიცხვი არ არის. გრძელდება დაკარგულების ძებნა, მთავრობა მოქალაქეებს ჯერ კიდევ სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ძლიერი წვიმები კვლავაცაა ნავარაუდევი.

სტიქიური უბედურების შემდეგ ვალენსია მოხალისეების ქალაქად იქცა, ყველა ცდილობს დაზარალებულ მოქალაქეებს საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიუტანოს, დაზარალებულ ქუჩებს კი პირვანდელი იერსახე აღუდგინოს. თუმცა, ჩანს, რომ ეს ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება.

მოხალისეებთან ერთად დამატებით 1 700 ჯარისკაცია ჩართული გაწმენდით სამუშაოებში. სამწუხაროდ დატბორილი სახლების ნაწილიდან მათ გარდაცვლილების გამოყვანა უწევთ. ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ ვალენსიაშია, თუმცა ადამიანების სიცოცხლე ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ შეიწირა ანდალუზიაშიც და კასტილა ლა მანჩაშიც. აღმოსავლეთ ესპანეთის სოფლების დიდი ნაწილი ევაკუირებული რჩება. დაზარალებულ ქალაქებში ჯერ კიდევ ვერ აღდგა წყლის, დენისა და ინტერნეტის მიწოდება. მიუვალია გზები. ამის შესახებ "კურიერს" ესპანეთში მცხოვრები ქართველები უყვებიან.

1973 წლის შემდეგ ესპანეთს ამ მასშტაბის სტიქია არ ახსოვს. მეტეოროლოგები კი ამბობენ, რომ ამ მდგომარეობაში არსებული ნიადაგისთვის დამატებითი წვიმა დამატებითი რისკია, ამიტომ, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი წითელ ზონად რჩება. მათ შორის, პორტუგალიის საზღვართან. ესპანეთიდან მიღებულმა კადრებმა მთელი მსოფლიო შეძრა, მომხდარს ეხმაურება პანთიფიკოსიც.

4 დღის წინ ვალენსიაში დაწყებულმა წვიმამ 8 საათი გასტანა, რამაც სერიოზული ბუნებრივი კატასტროფა გამოიწვია. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ შესაბამისი სამსახურების რეაგირებამ დაიგვიანა და ევაკუაცია უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო.

დღის ამბები