08 დეკემბერი 2024,   04:57
ვრცლად
"ქართული ოცნების" ამომრჩევლები სხვა პარტიების წარმომადგენელთა სიაში - მმართველი გუნდი საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს და გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბრიფინგზე წარმოდგენილი 81 იდენტიფიცირებული და დადასტურებული ფაქტი პროკურატურისთვის მთავარი მტკიცებულება იქნება, როგორ ცდილობდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის ხმის მიცემაში ხელის შეშლას, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიეღოთ.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მოკავშირე პარტიების სქემით, საარჩევნო უბანზე მისული "ოცნების" ამომრჩეველი სიაში აღარ ირიცხებოდა და ის გარკვეულ ოპოზიციურ პარტიას საკუთარ წარმომადგენლად სხვა საარჩევნო უბანზე ჰყავდათ დანიშნული. ნაწილმა ხმის მიცემა მაინც მოახერხა, ნაწილი კი ამ უფლების გარეშე დარჩა. ვინ და როგორ მოიპოვა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების პირადი მონაცემები და როგორ დანიშნეს ისინი ფარულად სხვა პარტიების წარმომადგენლებად - შეკითხვებს პასუხი პროკურატურაში გაეცემა.

ნინო დვალი ერთ-ერთია "ქართული ოცნების" იმ 81 ამომრჩეველს შორის, რომელმაც ხმის მიცემა ვერ მოახერხა. დაუდგენელი გზით პირადი მონაცემების მოპოვების შედეგად დვალი ჯერ "ევროპული საქართველოს", მოგვიანებით კი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ამ ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრი აღმოჩნდა. დვალი ამბობს, რომ ხმა სამგორში უნდა მიეცა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრად ამბროლაურში იყო წარდგენილი. როგორ მოიპოვეს მისი პირადი მონაცემები? - ნინო დვალმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს უკვე მიმართა.

დიდუბის ნაცვლად ნინოწმინდა, ბორჯომის ნაცვლად საბურთალო, წყალტუბოს ნაცვლად ქუთაისი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ შემთხვევების, რომლის მიხედვითაც "ოცნების" ამომრჩევლები მათი რეგისტრაციის ადგილის ნაცვლად სხვა საარჩევნო უბნებზე აღმოჩნდნენ.

ერთადერთი პარტია, რომელიც აღიარებს, რომ წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე მათი თანხმობის გარეშე წარადგინეს, "ევროპული საქართველოა". აკაკი ბობოხიძის თქმით, მონაცემები არაერთი წყაროდან, მათ შორის, არასამთავრობო სექტორიდანაც მიიღეს. სხვა ოპოზიციური პარტიები კი დღეს ამ სქემაში მონაწილეობას გამორიცხავდნენ.

კიდევ ერთი სქემა, რომელზეც მმართველი პარტია საუბრობს, გადასატან ყუთთან დაკავშირებით გამოვლენილი ფაქტებია. როგორ ცდილობდნენ, ამ შემთხვევაში, ოპოზიციის წარმომადგენლები "ოცნების" მხარდამჭერებისთვის ხელის შეშლას; მესამე სქემა კი იმ შემთხვევებს უკავშირდება, რომლის მიზანიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ამომრჩევლის სახლში დატოვება იყო.

მმართველი პარტიის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ყველა ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებს განმარტება მოუწევთ.

როგორც "ქართული ოცნებაში" აცხადებენ, მათ მიერ მოპოვებული ფაქტებით, საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 162 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

დღის ამბები