08 დეკემბერი 2024,   03:45
ვრცლად
არჩევნების გაყალბების ბრალდებით დაკავებულები საკუთარ ქმედებას ოპოზიციის პროვოკაციას უკავშირებენ - როვშან და ეტიბარ ისკანდაროვებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

არჩევნების გაყალბების ბრალდებით დაკავებული როვშან და ეტიბარ ისკანდაროვები მარნეულის სასამართლოში 11 საათზე მიიყვანეს. მხარეთა შუამდგომლობების მოსმენის შემდეგ, მოსამართლემ გადაწყვეტილება მალევე გამოაცხადა. როვშან ისკანდაროვი და მისი ბიძაშვილი - ეტიბარ ისკანდაროვი, წინასწარ 2 თვიან პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და 69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ფაქტი კონკრეტული მიზეზით ახსნა. როვშან ისკანდაროვის თქმით, ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები ხანში შესულ მოქალაქეებს ხმის მიცემაში ხელს უშლიდნენ და მისი გაღიზიანებაც სწორედ ამან გამოიწვია.

როვშან ისკანდაროვი და ეტიბარ ისკანდაროვი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. დაკავებულების ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმე მხოლოდ პროცედურულ დარღვევებს ეხება და არა გაყალბების ფაქტს. დაცვის მხარე დაკავებულების განთავისუფლებას 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.

გამოძიების ინფორმაციით, როვშან ისკანდაროვმა და ეტიბარ ისკანდაროვმა, არჩევნების დღეს, მარნეული 69-ე უბანზე, არჩევნების გაყალბების მიზნით, საარჩევნო ყუთში ყალბი ბიულეტენები ჩაყარეს. კანონდარღვევის გამო, ხმის მიცემის პროცესი შეწყდა და კენჭისყრის შედეგები ბათილად გამოცხადდა. დანაშაულის ჩადენის ამსახველი ვიდეო მალევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ვიდეოჩანაწერი არჩევნების გაყალბების საქმის მთავარი მტკიცებულებებია. "კურიერთან" საუბრისას პროკურორი კონკრეტულ გარემოებებზეც ამახვილებს ყურადღებას. ბრალდების მხარე ამბობს, რომ გამოძიებამ ისკანდაროვების მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი სხვა მასალებიც მოიპოვა, მათ შორის, მოწმეების ჩვენები.

როვშან ისკანდაროვი და ეტიბარ ისკანდაროვი სამართალდამცველებმა გუშინ, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა 25 დეკემბერს, ბოლნისის სასამართლოში ჩატარდება.

დღის ამბები