26 დეკემბერი 2024,   17:05
ვრცლად
სანდრო პაკელიანს თანატოლის განზრახ მკვლელობისთვის 13 წლით პატიმრობა მიესაჯა - კადრები, სადაც 21 წლის ბიჭის მკვლელობა ჩანს, “კურიერი P.S-მა“ მოიპოვა

20 წლის ნიკა აგიევის მკვლელი ციხეში 13 წელს გაატარებს. ეს მოსამართლის გადაწყვეტილებაა, მსაჯულის, რომელმაც 18 წლის სანდრო პაკელიანს მაქსიმალურთან მიახლოებული სასჯელი მიუსაჯა. თბილისის ცენტრში, დანის 4 დარტყმით, თანატოლის განზრახ მკვლელობის ბრალი, 9 თვის განმავლობაში, პაკელიანს არასდროს უღიარებია. არც ბოლო სასამართლო სხდომაზე უთქვამს რაიმე, როდესაც მოსამართლემ ამის უფლება მისცა, ვიდრე მის ბედს გადაწყვეტდა.

ბრალდებული დუმდა, ადვოკატი კი, სხდომაზე მის გამართლებას ცდილობდა. ამტკიცებდა, რომ პაკელიანმა თანატოლის მხრიდან, თავდასხმის მოგერიება სცადა, თავდამსხმელი კი, ნიკა აგიევი იყო.

კადრები, რომელზეც 21 წლის ბიჭის მკვლელობა ჩანს, “კურიერი P.S-მა“ მოიპოვა. პროკურორმა ვიდეო სასამართლოში მთავარ მტკიცებულებად წარადგინა. ადვოკატისგან განსხვავებით, რომელმაც სათვალთვალო კამერების ჩანაწერი პიკასოს ნახატს შეადარა, მოსამართლისთვის გადამწყვეტი მტკიცებულება აღმოჩნდა, მტკიცებულება, რომელშიც მსაჯულმა განზრახ მკვლელობა დაინახა და არა მოგერიება.

მძიმე დანაშაულის მოტივად წარსულში ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი სახელდება. ნიკა აგიევი მკვლელობამდე 3 წლით ადრე სიკვდილს გადაურჩა. მაშინაც დანით, გულში დაჭრეს. მოკლულის დედა რამდენიმე წლის წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს, სადაც მისი ინფორმაციით, ახლა უკვე მკვლელობისთვის გასამართლებული პაკელიანიც ფიგურირებს.

სავარაუდოდ 3 წლის წინ დაწყებული დაპირისპირება გაგრძელდა და მკვლელობით რამდენიმე თვის წინ დასრულდა.

2024 წლის 25 იანვარი, თბილისი, ორბელიანის მოედანი. ვიდეოჩანაწერების მიხედვით, პაკელიანი თანმხლებ პირებთან ერთად, ყვავილების საყიდლად ფიქსირდება. თაიგულით ხელში, ისინი ორბელიანის მოედნისკენ მიდიან. გამოძიების მიერ ამოღებული კადრების მიხედვით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მოედნის მიმართულებით მიდის ნიკა აგიევიც. მას რამდენიმე წამში თავს ესხმიან. დანის დარტყმის შემდეგ, ასფალტზე ეცემა. ცდილობს წამოდგომას, თუმცა თავდამსხმელი დანას კიდევ რამდენჯერმე ურტყამს და თანმხლებ ახალგაზრდებთან ერთად გარბის. თვითმხილველები სასწრაფოს იძახებენ, დაჭრილი კლინიკაში გადაჰყავთ, თუმცა რამდენიმე წუთში სისხლისგან დაცლილი ახალგაზრდა კვდება.

ამასობაში პაკელიანი მეგობრებთან ერთად, სანაპიროს მიმართულებით გარბის. ამჯერად თაიგული ხელში მას უჭირავს. გამოძიების ვარაუდით, ამ თაიგულში მალავს მკვლელობის იარაღს იმ დანას, რომლითაც თანატოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ახალგაზრდები ტაქსიში სხდებიან და ტერიტორიას ტოვებენ.

გამოძიების ინფორმაციით, პაკელიანმა და მისმა მეგობრებმა ავტომობილი რამდენჯერმე შეიცვალეს, გზად გადაყარეს მობილური ტელეფონები და მკვლელობის იარაღი დანა. საბოლოოდ კი, სოფელ წინწყაროში, ნათესავთან დაბინავდნენ. თუმცა პოლიცია კვალზე მალევე გავიდა. ოთხივე ახალგაზრდა განყოფილებაში გადაიყვანეს და პაკელიანი დააკავეს.

გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება მკვლელობაში ბრალდებულის თანმხლებ პირებზე ნიკოლოზ ბუაჩიძის და ძმები კოპაძეების მიმართ. ჰქონდათ თუ არა მათ დანაშაულთან რაიმე შემხებლობა, და გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, მალე გახდება ცნობილი.

სანამ გამოძიება სხვა დამნაშავეებს ეძებს, 13 წლიანი პატიმრობის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს სანდრო პაკელიანის ადვოკატი. სავარაუდოდ სასჯელის დამძიმებას პროკურატურაც მოითხოვს.

დედა, შვილის დაკრძალვის შემდეგ საბერძნეთში დაბრუნდა, ქვეყანაში, სადაც რამდენიმე თვის წინ საკუთარი ვაჟის მკვლელობის შესახებ, ინტერნეტით შეიტყო. თბილისში ყოფნის დროს შვილმკვდარი დედა საქმის მასალებს გაეცნო. მკვლელობაში ბრალდებულის დასჯის შემდეგ, მას იმედი აქვს, რომ პასუხს სხვებიც აგებენ.

დღის ამბები