26 დეკემბერი 2024,   19:55
ვრცლად
ჰარისი თუ ტრამპი - რამდენიმე საათი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც მსოფლიოს გეოპოლიტიკურ მოწყობაზე ზეგავლენას მოახდენს

შავკანიანთა თემის ”souls to the polls" წევრები, ამავე სლოგანით მაისურებზე ოჰაიოს შტატში ტაძარში მივიდნენ, მოძრაობას სამოცწლიანი ისტორია აქვს და ყველა იმ ფაქტს აერთიანებს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის უფლების მოპოვებას უკავშირდება. "შენი ხმა შენი არჩევანია" - პასტორის მხრიდან არაერთხელ გაისმა.

ამერიკაში არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკამ მოიცვა ყველა სივრცე, სასურველი კანდიდატის გარშემო გააერთიანა მილიონობით ადამიანი, თითოეული მათგანი ცდილობს, რომ არჩევნებამდე საჯაროდ გამოხატოს საკუთარი არჩევანი, რაც გამოიხატება მაისურებზე, დროშებზე და აქსესუარებზე სასურველი კანდიდატის ფოტოს ან სახელის დატანით. მაგალითად: პენსილვანიაში ძველმანების ბაზრობაზე ერთმანეთის პირისპირ დახლებზე ნივთები გამოფინეს, როგორც კამალა ჰარისის, ისე ტრამპის მხარდამჭერებმა, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებს ერთმანეთისგან განსხვავებული დაპირებები აქვთ, საპირისპიროა მათი ღირებულებებიც, რომელზეც საარჩევნო კამპანია დააშენეს, ამომრჩევლებმა ერთ სივრცეში დაპირისპირების გარეშე მშვიდად გაყიდეს მეორადი ნივთები.

ტაძარი, ბაზარი, საკონდიტრო, ქუჩა, პარკი - არჩევნების მოახლოება ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. ხვალ - 5 ნოემბერს გამკაცრებული იქნება უსაფრთხოების ნორმები, რადგან თავიდან იქნას არიდებული შესაძლო არეულობა, კაპიტოლიუმზე თავდასხმიდან 4 წლის შემდეგ, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით - 3300 პოლიციის ოფიცერი დაიცავს დედაქალაქის -ვაშინგტონის უსაფრთხოებას.

ორივე კანდიდატს დატვირთული წინასაარჩევნო პროგრამა ჰქონდა, მათ კიდევ ერთხელ, ხმის მიცემამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს მიმართეს, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ.

კამალა ჰარისმა ხმის წინასწარ მიცემის უფლებით უკვე ისარგებლა. როგორც ცნობილია, მიჩიგანის შტატში მყოფმა ჰარისმა საარჩევნო ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა მშობლიურ კალიფორნიაში. ეკონომიკის, სახელმწიფო ვალის, აბორტის, იმიგრაციის, დანაშაულთან ბრძოლის, იარაღის ტარების, კლიმატის ცვლილების თუ საერთაშორისო პოლიტიკის გამოწვევების მიმართ როგორია საზოგადოების უმრავლესობის მგრძნობელობა, რა არის ამერიკელებისთვის პრიორიტეტი ამას ამომრჩეველი ხვალ იტყვის. კანდიდატების ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპი წვეულების განწყობაზეა, კამალა კი ბრძოლის, თუმცა მათ განწყობებს და ბედს საბოლოოდ ხალხი გადაწყვეტს.

დღის ამბები