პროკურატურაში ოპოზიციის წევრების გამოკითხვაზე დაბარების საკითხს აფასებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, ოპოზიციას არ აქვს რეალური არგუმენტები და ფაქტები არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.
"ქართული ოცნების" წევრები მოუწოდებენ ოპონენტებს, წარმოადგინონ არჩევნების სავარაუდო გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სიის მე-17 ნომერი, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას არ აქვს მტკიცებულებები და "უბრალოდ აგრძელებენ ჭორაობას არჩევნების ვითომ გაყალბებასთან დაკავშირებით".
"ის ფაქტი, რომ ოპოზიცია არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ეს ძალიან კარგად აჩვენებს მათ რეალურ სახეს. მათ, ცარიელი სიტყვების გარდა, ხელში არაფერი უჭირავთ და ამიტომ აგრძელებენ ჭორაობას არჩევნების ვითომ გაყალბებასთან დაკავშირებით. თუ რამე მტკიცებულება აქვთ, წარმოადგინონ და ყველაფერი იქნება გამჭვირვალე", - ამბობს ლევან მახაშვილი.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერი, ვახტანგ ჩოჩია ოპოზიციას მოუწოდებს, საზოგადოებას გააცნონ და გაასაჯაროონ, თუკი რაიმე მტკიცებულებები აქვთ საარჩევნო პროცესის დარღვევასთან დაკავშირებით.
"თუ მათ რაიმე მტკიცებულება აქვთ, მმართველი გუნდის მხრიდან უკვე რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება, რომ შესაბამის უწყებებს მიმართონ აღნიშნული მტკიცებულებებით. როგორც ვიცით, რამდენიმე მათგანი პროკურატურაში არის დაბარებული, თუმცა მათ უარი განაცხადეს თანამშრომლობაზე, ვინაიდან მათ კარგად აქვთ გააზრებული ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც ცრუ ჩვენების მიცემას შესაძლოა მოჰყვეს. მმართველმა გუნდმა რამდენჯერმე მოუწოდა, საზოგადოებას გააცნონ თავიანთი სოცქსელების მეშვეობით ის მტკიცებულებები, რომელიც აქვთ საარჩევნო პროცესის დარღვევასთან დაკავშირებით", - აცხადებს ვახტანგ ჩოჩია.