შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. მას ჯერ არ უსაუბრია რუსეთის პრეზიდენტთან, თუმცა აღნიშნა, რომ პუტინთან კომუნიკაციას გეგმავს.
შეგახსენებთ, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ტრამპმა პირობა დადო, რომ, მისი არჩევის შემთხვევაში, მოლაპარაკებებს გამართავდა და ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმებით დაასრულებდა ომს უკრაინაში.
თავის მხრივ, პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის ტრამპთან სალაპარაკოდ, რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლას აზრი არ აქვს.
განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმაც. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტამ, შესაძლოა, ქვეყანაში შემდგომი ოკუპაცია და განადგურება გამოიწვიოს.
ზელენსკის სჯერა, რომ ტრამპს ომის სწრაფი დასრულება სურს და, ამავე დროს, მიაჩნია, რომ ომის სწრაფი დასრულება უკრაინისთვის დიდი დანაკარგების შედეგად მოხდება.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 140 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.