08 დეკემბერი 2024,   04:51
ვრცლად
"ვერ ვხვდები, რატომ სვამენ ტოლობის ნიშანს ევროპელი ლიდერები გაუმჭვირვალობასა და ევროპას შორის და ლგბტ პროპაგანდასა და ევროპას შორის" - ლევან მაჭავარიანი

კონკრეტული ევროპელი ლიდერების მოწოდებებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საუბარია პირობაზე, რომლის თანახმადაც, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის პირველი პირები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ სადაო კანონები გაუქმდება. ასეთია შოლცის, მაკრონის და ტუსკის წინადადება. მოწოდების მიუხედავად, მმართველი პარტია არ აპირებს უარი თქვას კანონებზე, რომლებიც, მათივე შეფასებით, საზოგადოების დაკვეთაა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ სვამენ ევროპელი ლიდერები ტოლობის ნიშანს გაუმჭვირვალობასა და ევროპას შორის და ტოლობის ნიშანს ლგბტ პროპაგანდასა და ევროპას შორის.

"ჩვენ არა ერთხელ განგვიცხადებია, რომ უნდა წარმოგვიდგინო არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. დღემდე ვერავინ ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინა და ასევე, რატომ უნდა იყოს დაფარული უცხოეთიდან შემოსული ფული. ქართველ ხალხს აქვს იმის უფლება, რომ გაარკვიოს, საიდან ირიცხება და მერე რაში იხარჯება ეს თანხები. რაც შეეხება ანტი ლგბტ კანონს, ამასთან დაკავშირებითაც, ჩემთვის წარმოუდგენელია ვინმემ არგუმენტები წარმოადგინოს იმასთან დაკავშირებით, რატომ უნდა ხდებოდეს სკოლებში და ბაღებში, ბავშვებში აგიტაცია, ან რატომ უნდა ჰქონდეს ადამიანს ისეთი წარმოდგენა, რომ შეუძლია დღეს კაცი იყოს და ხვალ ქალი გახდეს. რაღაც სიმახინჯესთან გვაქვს ურთიერთობა და შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მომავალი თაობები ამისგან დავიცვათ და ვერ ვხვდები, რატომ სვამენ ტოლობის ნიშანს ევროპელი ლიდერები გაუმჭვირვალობასა და ევროპას შორის და რატომ სვამენ ტოლობის ნიშანს ლგბტ პროპაგანდასა და ევროპას შორის, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.

 

დღის ამბები