24 დეკემბერი 2024,   07:28
ვრცლად
"სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია გადაშალოს და ამოიკითხოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები, მისგან შემოთავაზებული გეგმები ვის რაში სჭირდება?! ორი დღე დარჩენია პოსტზე" - დავით მათიკაშვილი

"სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია გადაშალოს და ამოიკითხოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რისი უფლება აქვს მას და რისი არა," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელს გამოეხმაურა.

მათიკაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რა გეგმაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი.

"სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია გადაშალოს და ამოიკითხოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რისი უფლება აქვს მას და რისი არა. აქ რაღაც გეგმებს რომ ადგენს და საზოგადოებას თავის ხედვებს სთავაზობს, ვინ ჰკითხავს ჯერ მას საერთოდ ამ ყველაფერს, რადიკალების მედროშეს?! - ეს ყველაფერი, რაც სალომე ზურაბიშვილს დღეს უნდა, უნდოდა ოთხი წლის წინ, როდესაც სპეცოპერაციას გეგმავდნენ იმ ცნობილი დოკუმენტით, რაზეც "ქართული ოცნება" იძულებული იყო ხელი მოეწერა თავის დროზე და ისევ რადიკალებმა არ მოაწერეს შარლ მიშელის შეთანხმებას. მაშინვე უნდოდათ ძალიან ბევრი ისეთი ცვლილების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეალობაში რადიკალების გაძლიერებას გამოიწვევდა. ეს არ გამოუვიდათ. დღეს, სალომე ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელმაც თავის დროზე მიიღო საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, დაუპირისპირდა მთლიანად მთელ საზოგადოებას, კონსტიტუციას, ხელისუფლებას და მისგან შემოთავაზებული გეგმები ვის რაში სჭირდება?! - რა გეგმებზეა საუბარი, ორი დღე დარჩენია მას პოსტზე. ზურაბიშვილს ნეგატივის ისეთი ტემპი აქვს აღებული და იმდენ კანონსაწინააღმდეგო და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს აკეთებს, რომ ამ ორ დღეში კიდევ რაღაცებით დაგვამახსოვრებს თავს, მოასწრებს. კარგად ჩაიხედოს კონსტიტუციაში, ნახოს რისი უფლებები აქვს და ისე უთხრას საზოგადოებას გეგმების შესახებ, რომელთა მიმართებითაც იმდენად სუბიექტურია და რადიკალურია, რომ ვერანაირად მისი გეგმა, სულ რომ ამის ვალდებულება გვქონდეს, ვერ დაიმსახურებს საზოგადოების მხარდაჭერას, რადგანაც ის ავტორიტეტი, რომელიც რეალურად პრეზიდენტს უნდა გააჩნდეს, ძალიან დიდი ხანია მან გააქრო," - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები