24 დეკემბერი 2024,   07:39
ვრცლად
"ევროკავშირის წარმომადგენლებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათ, როგორც საქართველოს მოსახლეობასთან, ასევე "ქართულ ოცნებასთან" მოუწევთ კვლავ მუშაობა ევროინტეგრაციის ძალიან რთულ გზაზე" - მაია ბითაძე

ბრიუსელის კულუარულ საუბრებს, "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი საჯაროს ხდის. ჟურნალისტი, რომელიც ყველაზე კარგადაა გათვითცნობიერებული ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის განწყობებში და რომლის ინფორმაციაც როგორც წესი უტყუარი ხოლმე, წერს რომ ევროკავშირის ლიდერებისთვის: "ქართული ოცნება" ქართულ პოლიტიკაში ერთადერთი რეალური მოთამაშეა. ევროკავშირი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული როგორ უპასუხოს დამდგარ შედეგებს და ოპოზიციის პროტესტს, მაგრამ რიკარდ იოზვიაკი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირს მოუწევს ითანამშრომლოს "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა, რომელიც წლებია ევროკავშირისა და ნატოს თემებზე მუშაობს ჯერ კიდევ გუშინ, ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების  დახურულ შეხვედრამდე დაწერა, რა გადაწყვეტილებებს გამოიტანდნენ ქვეყნების პირველი დიპლომატები საქართველოზე. 

მათ შორის წინასწარ თქვა, რომ სანქციებზე განხეთქილებაა ევროკავშირში. ამჯერად, რიკარდ იოზვიაკი საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის პერსპექტივებზე საუბრობს და წერს, რომ არ არსებობს " დანაშაულის იარაღი" ანუ გაყალბების პირდაპირი მტკიცებულებები და არც "ქართული ოცნების" 54 პროცენტია დაუჯერებელი.

მის ამ განცხადებებს, შეფასებები უკვე მოჰყვა. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მისასალმებელი იქნება, თუკი ოფიციალურადაც მოისმენენ მალე ევროკავშირის მხრიდან მსგავს განცხადებებს:

"შეიძლება ითქვას, რომ ეს გზავნილები ირიბად გაჟღერებული გზავნილებია ევროკავშირის მხრიდან და ასახავს იმ რეალობას, რომელზედაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. იმ არაადეკვატური ე.წ. მტკიცებულებების ფონზე, რასაც ჩვენი რადიკალები საუბრობდნენ არჩევნების უტოპიურ გაყალბებასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა, ბუნებრივია, ძალიან კარგად იცის, რომ ეს ყველაფერი არის დიდი სიცრუე და მათ მოუწევთ ნამდვილად "ქართულ ოცნებასთან" მუშაობის გაგრძელება, რაშიც ვეთანხმები ევროკავშირს - 54%-ის აღება ნამდვილად არ იყო გასაოცარი. მისასალმებელია, თუ ოფიციალურადაც მოვისმენთ მალე ევროკავშირის მხრიდან მსგავს განცხადებებს. ევროკავშირის წარმომადგენლებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათ, როგორც საქართველოს მოსახლეობასთან, ასევე "ქართულ ოცნებასთან" მოუწევთ კვლავ მუშაობა ევროინტეგრაციის ძალიან რთულ გზაზე. შავ ლაქად ჩაიწერება ჩვენს ურთიერთობებში ზეწოლის ის მექანიზმები, რაც სამწუხაროდ გამოყენებული იყო," - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი მაია ბითაძე.

დღის ამბები