24 დეკემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ფართო დისკუსია საქართველოს საკითხზე - ჟოზეფ ბორელის მოთხოვნას თბილისს გარკვეული ტიპის სანქციები დაუწესდეს, წევრი სახელმწიფოების მხრიდან მკვეთრი წინააღმდეგობა მოჰყვა

ტექნიკური მისიის საქართველოში გაგზავნა და ბრიუსელში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიწვევა - ეს გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გაახმოვანა. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სპეციალური მისია თბილისში შეისწავლის არჩევნებთან დაკავშირებულ ვითარებას, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით კი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ბრიუსელში გამოჰკითხავენ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განმარტებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ევროპაში შეშფოთება გამოიწვია და ადგილზე ვითარება შესასწავლია. ტექნიკური მისიის ამოცანაც, ბორელის განცხადებით, სწორედ ეს იქნება. თუმცა ევროპელი დიპლომატის განმარტება არასაკმარისი და გაუგებარია უმრავლესობის ლიდერისთვის. მამუკა მდინარაძეს კითხვები აქვს ტექნიკური მისიის სტატუსისა და უფლებამოსილების შესახებ. არჩევნების შეფასება, სანქციები და უვიზო რეჟიმის შეჩერება - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ევროკავშირში კონსენსუსი არ არსებობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბარელის კიდევ ერთ ინიციატივას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების თაობაზე უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან. ეს მოსაზრება მიუღებელია იტალიისა და ბულგარეთისთვისაც. დამატებით ირკვევა, რომ გერმანიას არ სურს საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს. საქართველოს საკითხზე რომ ბრიუსელში ერთიანი გადაწყვეტილება არ მიღებულა, ეს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის აზრთა სხვადასხვაობას, ადასტურებს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრებაც. საქართველოს საკითხზე ბრიუსელში არსებული განსხვავებული მოსაზრებების არსებობა, დამაბრკოლებელი არ არის ქართული ოპოზიციისთვის. მმართველი გუნდის ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ პარტნიორების პასუხი დასავლეთიდან მკაცრი და ერთსულოვანი იქნება.

ევროპაში რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, ამ საკითხზე აკეთებენ აქცენტს მმართველი გუნდის წევრები. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვა აუცილებელია. საქართველოს ევროინტეგრაციას კი ალტერნატივა არ აქვს.

მომდევნო კვირას ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციის მომზადებას გეგმავს. მოლოდინია, რომ დოკუმენტში გაწერილი იქნება, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის სამომავლო გზები.

დღის ამბები