24 დეკემბერი 2024,   07:43
ვრცლად
საპოლიციო ღონისძიება თსუ-სთან - როგორ განვითარდა პროცესები თბილისის ცენტრში დილიდან

სამართალდამცველები, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 საათსა და 45 წუთზე გამოჩნდნენ. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა, ჭავჭავაძის ქუჩაზე შეკრებილებს, გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა და 15 წუთიანი ვადა მისცა. გაფრთხილებამდე გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაც.

დემონსტრანტებმა გაფრთხილება არ გაითვალისწინეს. ჭავჭავაძის ქუჩაზე ბარიკადების აღმართვა დაიწყო. ტერიტორიაზე მიიტანეს ნაგვის ურნები და გზა ქვიშით სავსე ტომრებით ჩახერგეს. აქციის მონაწილეებმა, მათივე გაშლილი კარვები სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოსთან დაწვეს. მომიტინგეები აირწინაღებით და ხელკეტებით იყვნენ აღჭურვილი.

აქციის მონაწილეებს, ოპოზიციის ლიდერები პერიოდულად მიმართავდნენ და პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდნენ.

15 წუთიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოქმედებაზე გადავიდნენ. თავდაპირველად ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ. მათ უკან განლაგდა სპეც ტექნიკა. მობილიზებულები იყვნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც, თუმცა მათ საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

საპოლიციო ძალების გამოჩენის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა, მხარდამჭერებთან ერთად ჭავჭავაძიდან - მელიქიშვილის ქუჩაზე გადაინაცვლეს. სამართალდამცველებთან დაპირისპირებაც სწორედ აქ დაიწყო. დემონსტრანტები, პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მათ წინააღმდეგ იყენებდნენ ხელკეტებსა და ლაზერებს. კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ესროდნენ ქვებსაც.

გზის სავალი ნაწილიდან დემონსტრანტები არ გადავიდნენ, რასაც მორიგი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც კლინიკაში სასწრაფო დახმარების ავტომობილებით გადაიყვანეს.

დაპირისპირების დროს, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში სულ 16 პირია გადაყვანილი. მათგან სამი ხელწერილით უკვე გაათავისუფლეს.

დროებითი მოთავსების იზოლატორში, დაკავებულები, ადვოკატებმა მოინახულეს. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და მათი დაკავების დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევის ფაქტს. დემონსტრანტების ჯანმრთელობის მდგომარეობით დღეს სახალხო დამცველიც დაინტერესდა.

შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში დარჩა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიციელები უნივერსიტეტის შენობაში იყვნენ გამაგრებული. გავრცელდა კადრებიც, სადაც კარგად ჩანს რომ ძალოვნები შენობის გარეთ მოძრაობენ და სასწავლებელს და ეზოში არსებულ პანთეონს იცავენ და დანთებულ ცეცხლთან სწორედ უნივერსიტეტის ბაღიდან გამოდიან.

 

დღის ამბები