24 დეკემბერი 2024,   07:35
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია - პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია. დოკუმენტის დამუშავების შემდეგ უნდა გაირკვეს იღებს თუ არა სასამართლო სარჩელს წარმოებაში. ბოლო 5 თვეში ზურაბიშვილის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ეს რიგით მეორე შემთხვევაა. ამჯერად დავის საგანი 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგებია.

პრეზიდენტი შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. საყოველთაობის დარღვევა და ხმის მიცემის ფარულობის დაცვა - სწორედ ამ მთავარ საკითხს ხდის სადავოს სალომე ზურაბიშვილი. სამართლებრივი ნაბიჯი გადადგმულია, თუმცა სასამართლოსთვის უნდობლობაც წინასწარაა გამოცხადებული. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი მმართველი პარტიისთვის უარგუმენტო და მტკიცებულებებისგან დაცლილია. სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ზურაბიშვილი და მისი წარმომადგენლები კიდევ ერთი სამართლებრივი მარცხისთვის არიან განწირული.

სამართლებრივი პროცესის პარალელურად, აქტუალურია შეკითხვა შეძლებს თუ არა პარლამენტი საკონსტიტუციო სარჩელის მიღების ფონზე შეკრებას?! სხდომის გამართვა რომ შესაძლებელია კონსტიტუციონალისტების ნაწილიც ადასტურებს, თუმცა აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ პირველივე სხდომაზე სამანდატო კომისია ინფორმირებული იქნება სარჩელების თაობაზე და სხდომა სწორედ ამ მიზეზით უნდა შეწყდეს.

პროცესი კი საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ უნდა განახლდეს. ეს ყველაფერი კი სწორედ სარჩელის დასაშვებობაზეა დამოკიდებული. პრეზიდენტის მსგავსად საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურობის დადგენას ითხოვს ოპოზიციაც. ”ნაციონალური მოძრაობაში” ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სარჩელით სასამართლოს დღესვე 30-მა პარლამენტის წევრმა მიმართა. ხელისუფლები ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივ დონეზე ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენება საშუალებას მისცემთ პროცესმა საერთაშორისო დონეზე გადაინაცვლოს.

კონსტიტუციის დარღვევაში კი მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. ”ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებით, პარლამენტის სხდომის დანიშვნას ბარიერი ვერ შეექმნება და ის დაგეგმილ ვადაში ჩატარდება.

სახელისუფლებო პარტიაში არ უკვირთ, რომ საკონსტიტუციო სარჩელით და პარლამენტის სხდომის არ დანიშვნით ზურაბიშვილი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ეწევა. უახლოეს დღეებში გაირკვევა იღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილი სარჩელს წარმოებაში, ამის შემდეგ 30 დღის განმავლობაში მსჯელობა უნდა დაიწყოს. პრეზიდენტის სარჩელს სავარაუდოდ სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

დღის ამბები