24 დეკემბერი 2024,   07:39
ვრცლად
"კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისთვის, ისევე როგორც ქართველი ბოლშევიკებისთვის, ძალაუფლების წყარო და ლეგიტიმაციის მიმცემი არის არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოეთი" - საზოგადოება "ქართულის" წერილი

"კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისათვის", ისევე როგორც ქართველი ბოლშევიკებისთვის, ძალაუფლების წყარო და ლეგიტიმაციის მიმცემი არის არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოეთი. - ნათქვამია საზოგადოება "ქართულის" წერილში, რომელიც დღეს გავრცელდა.

"საზოგადოება "ქართული" 8 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ გარედან მართული ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში წარმოადგენს ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის დესტრუქციის მთავარ წყაროს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 18 ნოემბერს, როდესაც ცნობილი გახდა ევროკავშირისთვის გაგზავნილი საიდუმლო წერილის შინაარსი, რომელსაც ხელს აწერს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ოთხეული: "ნაცმოძრაობა", "ახალი", ხაზარაძის და გახარიას პარტიები. წერილში ოპოზიციონერები ითხოვენ თბილისთან ოფიციალური კომუნიკაციის შეჩერებას, საქართველოსთვის ფინანსური ტრანშების გაყინვას, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გაუქმებას და მკაფიო განცხადებას, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია შეჩერებულია.

დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ პირისპირ შეხვედრებისას, ოპოზიციის, თუ მილიონერი ენჯეოების წარმომადგენლები დასავლელ პატრონებს პირდაპირ სთხოვენ ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას და ოპონენტების პერსონალურ სანქცირებას. საქართველოს ისტორიაში მეტროპოლიასთან მაბეზღრობის სენი არახალია. წარსულშიც და ახლაც ხელწერა, სტილი და სულისკვეთება მსგავსია, რადგან საქმე გვაქვს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მავნებლობასთან. შორს რომ არ წავიდეთ, ის რასაც აკეთებს დღეს დესტრუქციული ოპოზიცია, წვეთი წყალივით ჰგავს, საუკუნის წინანდელი ქართველი ბოლშევიკების ქცევას. უფრო მეტიც, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლშევიკური სული და სერგო ორჯონიკიძის მოღალატეობრივი იდეოლოგია დამოუკიდებელ საქართველოში ნეოლიბერალიზმის, როგორც ნეობოლშევიზმის ნაირსახეობის, ფორმით დაბრუნდა", - ნათქვამია წერილში.

საზოგადოება "ქართული" მწვავედ აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილსაც:

"პრეზიდენტი, რომელიც ბოიკოტს უცხადებს საკუთარი ხალხის ნებას და მათ უცხოური ძალებით ემუქრება, თავად ამბობს უარს მინიმალურ ლეგიტიმაციაზეც კი და "საპატიო" ადგილს იკავებს დღევანდელი ოპოზიციის "შულავერის კომიტეტის" გალერეაში." საზოგადოების თანადამფუძნებლები იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი მთავრობა, რომელსაც მალე აირჩევს ახალი მოწვევის პარლამენტი, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, შეძლებს უცხოეთიდან მართული და გარედან დაფინანსებული პარტიების პოლიტიკური არენიდან გაძევებას, რათა ქვეყანა არ დარჩეს მუდმივი რყევისა და ხელოვნური დეტაბილიზაციის რეჟიმში. წერილი ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებისთვის მხარდაჭერის გამოცხადებით სრულდება:

"გვინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას, რომელთაც დღეს მუშაობა უწევთ "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" მიერ გენერირებული და მათი პატრონების მიერ წახალისებული სიძულვილის ატმოსფეროსა და აღვირახსნილი ძალადობის პირობებში."

საზოგადოება "ქართული", რომლის წევრებიც მეცნიერების, კულტურისა და სპორტის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან, 14 აპრილს დაფუძნდა და აქტიურადაა ჩართული მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებში.

დღის ამბები