24 დეკემბერი 2024,   07:34
ვრცლად
დავით ნარმანია: სემეკის მიზანია დაიცვას მომხმარებლები და უზრუნველყოს ხარისხიანი კომუნალური მომსახურება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა.

დავით ნარმანიამ ისაუბრა სემეკის მიერ განხორციელებულ ხელშემწყობ მექანიზმებზე მომხმარებელთა უფლებებისა და რეგულირებად სექტორებში კონკურენციის განვითარების კუთხით. 

20-22 ნოემბერს, ქ. თბილისში, 5 მარეგულირებელი უწყების  - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია იმართება.  კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. გახსნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე, რომელიც უკვე მესამე წელია 5 მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით იმართება. მან ყურადღება გაამახვილა სემეკის, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის რეგულირების ეფექტიანობაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესზე.

"სემეკის მიზანია დაიცვას მომხმარებლები და უზრუნველყოს ხარისხიანი კომუნალური მომსახურება. მუდმივ მონიტორინგ ვუწევთ კომპანიების საქმიანობას და ვრეაგირებთ თითოეულ გადაცდომაზე. წესები, რომელიც არეგულირებს მომხმარებელთა უფლებებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში, სრულად ასახავს იმ საჭიროებებს, რაც ფუნდამენტურად აუცილებელია მომხმარებლების უფლებების დასაცავად. მარეგულირებელი კომისია დროის პირდაპირ რეჟიმში უყურებს მომხმარებლებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ ურთიერთობებს. ვხედავთ სად არის მიღწევები და სად - გამოწვევები.  

2017 წლიდან დღემდე სემეკის გადაწყვეტილებების საფუძველზე, კომპანიების მიერ მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხა 16 მილიონ ლარს აღემატება. სისტემატურად ვმუშაობთ მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებული, გამარტივებული სერვისების შეთავაზებაზე. მათ შორის აღსანიშნავია, იუსტიციის სახლში გადატანილი კომუნალური მომსახურებები, ასევე, USSD კოდი *303#. ახლახანს, დავნერგეთ სრულად ახალი რეგულაცია, რომელიც მრავალბინიან შენობებში გათბობის ცენტრალური სისტემების და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამასთანავე, ვმუშაობთ, რომ უახლოეს ხანებში სატესტო რეჟიმში ამოქმედდეს ხელოვნური ინტელექტი კომუნალური კომპანიების ქოლ-ცენტრებში, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ლოდინის ხანგრძლივობას და მოქალაქეს შეეძლება უმოკლეს დროში მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია მომარაგების წყვეტების შესახებ“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებელთა  დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატის (DG-COMP), ევროკომისიის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის (DG-JUSTICE), კონკურენციის კვლევის პოლიტიკის ქსელის (CEPR) და გერმანიის მომხმარებელთა ორგანიზაციების ფედერაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები.  ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

 

 

 

(R)

დღის ამბები