24 დეკემბერი 2024,   07:39
ვრცლად
იქ ეწერა ობიექტური შეფასება იმ რეალობისა, რაც დადგა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში - თამაზ დათუნაშვილი ოპოზიციის ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე

ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე თბილისში ისევ ურთიერთბრალდებები ისმის - ოპოზიციურ კოალიციებში ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ არის სიახლე მათი მოთხოვნა, გაიზარდოს ზეწოლა ხელისუფლებაზე.

"ისინი არიან არა რომელიმე ხელისუფლების ან ოპოზიციის, არამედ ქართველი ხალხის მეგობრები და როდესაც ხელისუფლება ხალხს პარავს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც ხელისუფლება ივიწყებს, რომ ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი, შესაბამისად, მათ შორის ეს წერილიც ემსახურება ამ აზრს, რომ დადგნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, როგორც ახლა დგანან, კიდევ უფრო მკაფიოდ და მტკიცედ ქართველი ხალხის გვერდით," - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე.

გახარიას პარტიაში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირს მთავრობასთან ურთიერთობები ოპოზიციის წერილამდეც ჰქონდა გაწყვეტილი.

"ევროკავშირმა წერილამდეც, რუსული კანონიდან მოყოლებული გაწყვიტა მთავრობასთან ურთიერთობები. მთავარი აზრი ამ წერილის მიმართვის იყო ის, რომ მომხდარიყო გამოძიება ამ საკითხზე, ტექნიკური მისიაც ამისი გამოძახილია, ისევე როგორც დარღვევებზე, რომელსაც მრავლად ჰქონდა ადგილი არჩევნებზე თუ წინასაარჩევნო დღეს, ამაზე მიგვექცია ყურადღება," -აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი თეონა აქუბარდია.

"ძლიერი საქართველო - ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრი თამაზ დათუნაშვილი აცხადებს, რომ წერილში იმ რეალობის ობიექტური შეფასებაა ასახული, რა რეალობაშიც ქვეყანა 26 ოქტომბრის შემდეგ დადგა.

"იქ ეწერა ობიექტური შეფასება იმ რეალობისა, რა რეალობაც დადგა 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ ამ ქვეყანაში და ეს წერილი და ამ წერილის მიზანი იყო ინფორმირება საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი კაბინეტების, რომლებიც შეიკრიბნენ 2 დღის წინ ბრიუსელში და იმსჯელეს და სწორი პოზიციონირებისთვის ჩვენ გარკვეულწილად დავეხმარეთ და ფასილიტაცია გავუწიეთ და თქვენ დაინახავდით იმ დასკვნაში, რომელიც შემდეგ გამოვიდა მინისტერიალიდან, რომ ჩვენი რეკომენდაციები, ძალიან სწორი რეკომენდაციები და რაციონალური, საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებში მყოფი რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული," - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრი თამაზ დათუნაშვილი.

ცნობისთვის, ოთხმა ბარიერგადალახულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილობით მიმართა და მოუწოდა ევროკავშირს დაიწყოს გამოძიება, გააკეთოს მკაფიო განცხადება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, გააჩეროს ყველა ოფიციალური კომუნიკაცია და ფინანსური დახმარება, ასევე მოუწოდოს საქართველოს მთავრობას არ მოიწვიოს პარლამენტის სხდომა.

დღის ამბები