24 დეკემბერი 2024,   07:38
ვრცლად
"ევროკავშირის სტრუქტურებში კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ ამ უსამშობლოების ანასხლეტები და იხვეწებოდნენ ოღონდ ბენეფიტები არ მისცეთ ჩვენს ქვეყანას" - ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე

ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე თბილისში ისევ ურთიერთბრალდებები ისმის - მიმართვას მმართველი გუნდი ჯაშუშობას უწოდებს.

"ყოველდღიური თვითმხილება და თვითლუსტრაცია იმისა, რაშიც ვამხელდით. ყველაზე სწორად შერჩეული სახელი აქვთ - უსამშობლოთა გაერთიანება და ის თავისი ოთხი ლოგო რომ ჰქონდა წერილს, რაც გასაჯაროვდა, ჯერ, გახსოვთ, არ ასაჯაროებდნენ ამ წერილს, იქ უნდა დაეწერათ მარტივად, შეუძლიათ ერთი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანდნენ და დაირქვან "უსამშობლოთა გაერთიანება" სხვადასხვა ლოგოთი.

საერთოდ არ გვიკვირს ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ესენი არიან ძალა, რომელიც 2012 წლიდან თითოეული იმ ბენეფიტის, წინ გადადგმული ნაბიჯის წინააღმდეგი იყვნენ ქვეყნის, რომელიც "ქართული ოცნების" პირობებში ჩვენმა ქვეყანამ გადადგა. ეს იქნებოდა ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება, კანდიდატის სტატუსი თუ ა.შ. ევროკავშირის სტრუქტურებში კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ ამ უსამშობლოების ანასხლეტები და იხვეწებოდნენ ოღონდ ეს ბენეფიტები არ მისცეთ საქართველოს, ჩვენს ქვეყანას.

სწორედ ამიტომ არიან უსამშობლოების ძალა, რომელსაც არ აინტერესებს თავისი ქვეყნის არც ერთი წინსვლა", - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი ირაკლი კირცხალია.

ცნობისთვის, ოთხმა ბარიერგადალახულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილობით მიმართა და მოუწოდა ევროკავშირს დაიწყოს გამოძიება, გააკეთოს მკაფიო განცხადება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, გააჩეროს ყველა ოფიციალური კომუნიკაცია და ფინანსური დახმარება, ასევე მოუწოდოს საქართველოს მთავრობას არ მოიწვიოს პარლამენტის სხდომა.

დღის ამბები