22 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
გახარიას გუნდი არ აპირებს პარლამენტისგან უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვოს

გახარიას გუნდი არ აპირებს პარლამენტისგან უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვოს - ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გააკეთა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ისინი, ამ ეტაპზე, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, თუმცა მანდატებზე არც საჯაროდ უარის თქმას გეგმავენ.

"დღეს, დღევანდელ გარემოში არ ვაპირებთ [მანდატებზე უარის თქმას]. საბოლოოო ჯამში, ყველა ადამიანი, რომელიც გამოდის არა თავისი პერსონალური, პარტიული ინტერესებიდან, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან, არასოდეს მანევრისთვის სივრცეს პოლიტიკაში არ შეიზღუდავს. შეუძლებელია, პოლიტიკოსს პოლიტიკაში არ გინდოდეს მოქმედების სივრცის მაქსიმალურად გაფართოება. როგორც კი თავად ივიწროებ ამ სივრცეს, ვერ ვხვდები ამას რა ახსნა უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, რაღაც რიტუალურ ცეკვებს ცეკვავ, რომელსაც, იცი, რომ სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კიდევ ერთი ბარიერგადალახული პოლიტიკური სუბიექტის, "ძლიერი საქართველოს" ლიდერები კი თვლიან, რომ საჭირო ეფექტისთვის ოპოზიციის ყველა ქმედება შეთანხმებული და სინქრონული უნდა იყოს. მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მათი სიების ჩახსნის შესახებ განცხადება ამ დრომდე საკუთარ კაბინეტში აქვს. შეგახსენებთ, ახალი მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას ორშაბათს, 25 ნოემბერს მართავს.

"ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ოთხივე ოპოზიციური პარტიის ერთდროულად მოქმედებით. ეს არის დიდი პრობლემა, მაშინ ისინი[პარტია" გახარია საქართველოსთვის"] რომ ამბობენ ლეგიტიმაციას არ მივცემთ პარლამენტსო, ეს არის ტყუილი. ბოიკოტი არ არის ლეგიტიმაციის არ მიცემა. მოდით, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, "ქართული ოცნების" არალეგალური და მოპარული არჩევნების გაპრავება ასე არ გამოვა. მაშინ დანარჩენი სამი პარტია რატომ ტოვებს მანდატებს? გაუგებარია, თუ სინქრონი არ იქნება. დიდი ხანია დაწერილი გვაქვს ეს განცხადება, ყველაზე ადრე ვიდრე სხვამ განაცხადა, დაწერილი გვაქვს ისე როგორც კანონმდებლობა მოითხოვს, ეს ყველაფერი ინახება ჩემ კაბინეტში, ისე როგორც მე მაქვს უფლებამოსილება ჩავხსნა სია, ამაზე ხშირად არ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ პიარისთვსი არ ვაკეთებ ამას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები