25 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლა - რა ვითარებაა საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დროისთვის

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და რამდენიმე ლიდერი.

აქციის მონაწილეების ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოს უკანა მხარეს გადაინაცვლა, სადაც საპროტესტო აქცია 09:00 საათზეა დაანონსებული.

"ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან ადგილზე შეკრებილ დემონსტრანტებს ღამის გათევისთვის მადლობა გადაუხადა.

ოპოზიცია სამოქმედო გეგმების შესახებ, ჯერჯერობით, არ საუბრობს. "ერთიანობა - ნაციონალური" მოძრაობის წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მას შემდეგ გააცნობს, როცა აქციაზე მეტი ადამიანი შეიკრიბება.

"მოთხოვნა არის ერთი - ხელახალი არჩევნები, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები არ შედგა. ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური. ითამაშონ პარლამენტარობანა, ჩვენ გარეთ ვიბრძოლებთ, ჩვენ ვიქნებით ქუჩაში, გამარჯვებულ ხალხთან ერთად. აუცილებლად მივაღწევთ საბოლოო შედეგს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჯერ ველოდებით კიდევ უფრო მეტ ხალხს, მოვლენ ჩვენი მოქალაქეები და შემდგომ ერთად გაგაცნობთ სამოქმედო ნაბიჯებს", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

"ძლიერი საქართველოს" წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით კი, კონკრეტული გეგმა, ამ ეტაპზე, არ არსებობს.

"კონკრეტული გეგმები და კონკრეტული სცენარი, ამ ეტაპზე, არ არსებობს. პროცესში ერთადერთი რამ, რაც არის დარჩენილი შედეგის დასადებად, არის ის, რომ ერთად შეკრული ქართველი ხალხი ნახოს საერთაშორისო საზოგადოებამ და ივანიშვილმა, რუსთველი გამზირზე თუ სხვაგან. ამიტომ მნიშვნელოვანია ერთობა და ურთიერთმხარდაჭერა ამ ქვეყნის მთავარი საკითხებისთვის, ეს არის დემოკრატი, ევროპული მომავალი, მშვიდობა და არჩევანის შესაძლებლობა", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

დღის ამბები