საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, თუ რატომ არ ესწრებიან მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას უცხო ქვეყნის წარმომადგენლები.
პაპუაშვილის თქმით, უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან გარკვეული საკითხების ინსტრუმენტალიზება ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ზოგადი მიდგომები ჰქონდეს.
"ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, ეს დღე, უპირველეს ყოვლის, არის ჩვენი მოქალაქეების, მათი არჩეული პარლამენტის. პარლამენტში წარმოდგენილი იქნება მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები. ეს დღე, როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, იქნება ჩვენი ეროვნული დღე.
რაც შეეხება, უცხო ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობას, ვთქვი კიდეც, გვაქვს სამწუხარო გამოცდილება იმის, რომ ხდება ინსტრუმენტალიზირება უცხოური მონაწილეობისა ქართულ პოლიტიკაში.
სწორედ იმისთვის, რომ არ იყოს არასათანადო ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ისტრუმენტალიზირება სხვადასხვა საკითხების, ამიტომ მნიშვნელოვანი არის ზოგადი მიდგომა გვქონდეს პარლამენტს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.