"ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, ადრე თუ გვიან ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევა.
კახიანის თქმით, ეს სცენარი მას უკვე ნანახი აქვს. პოლიტიკოსი პარალელებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ავლებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, მათ დიდ ნაწილს პარლამენტში ვიხილავთ იმიტომ, რომ ეს სცენარიც ნანახი გვაქვს. არაერთხელ გვინახავს, როდესაც საკუთარი სიტყვის წინააღმდეგ წასულან. ზუსტად, ოთხი წლის წინანდელი, ეს პერიოდი მახსენდება, როდესაც კიდე უფრო მეტი მონდომებით საუბრობდნენ იმაზე, რომ პარლამენტში არ შემოვიდოდნენ, ვინც შემოვიდოდა იქნებოდნენ პუფები და ა.შ.
ისიც ვიხილეთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში, მათი უდიდესი ნაწილი იყო პარლამენტის წევრი. სცენარი დაახლოებით იგივე იქნება, ეს დამოკიდებულია დროზე. როდის მოხდება, ამას საზოგადოება ძალიან მალე ნახავს. დღეს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება და დაველოდებით მათ განცხადებებს. დაწერონ განცხადებები და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს", - განაცხადა გიორგი კახიანმა.