09 დეკემბერი 2024,   11:06
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია. აქციის მონაწილეებმა შეკრება გუშინ, საღამოს საათებში დაიწყეს და აქცია გამთენიამდე გაგრძელდა.

სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს დილის 7:00 საათამდე შლიდნენ. შეტაკებები და დაკავებები მთელი ღამე გაგრძელდა. პოლიციამ აქციის 100-ზე მეტი მოქალაქე დააკავა. დაკავებებს ადამიანების მძიმე დაზიანებებიც მოჰყვა.

მთელი ღამის განმავლობაში, სამართალდამცველები, პარლამენტის მიმდებარე ქუჩებისა და რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გასათავისუფლებლად, წყლის ჭავლსა და წიწაკის სპრეის იყენებდნენ. დემონსტრანტები გვიანი ღამიდან, დილამდე, ძირითადად, თავისუფლების მოედნისა და სასტუმრო მარიოტის მიმდებარედ იყვნენ გამაგრებულები, სადაც, სხვადასხვა საგნის გამოყენებით, ბარიკადები ჰქონდათ აღმართული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა შსს-ს 10 თანამშრომელი". ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 107 პირი.

საპროტესტო აქცია მოჰყვა უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

დღის ამბები