30 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
რუსთაველის გამზირის სრულ პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულებულია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია, საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან სრულად გაათავისუფლეს - რუსთაველის გამზირის სრულ პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ.

საპოლიციო ძალები რამდენიმე წუთის წინ ბესიკის ქუჩიდან, მეტრო "რუსთაველიდან" და თავისუფლების მოედნიდან ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს.  აქციის დაშლისას რამდენიმე მონაწილე დააკავეს, რამდენიმე კი ადგილიდან განარიდეს.

რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ამ დრომდე რჩებიან სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, რომლებიც აქციაზე მყოფებს საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევდნენ.

მთელი ღამის განმავლობაში, სამართალდამცველებმა პარლამენტის ტერიტორიის მიმდებარე ქუჩების მომიტინგეებისგან გასათავისუფლებლად წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს.

საბოლოოდ, დემონსტრანტების მცირე ნაწილი გვიანი ღამიდან ამ დრომდე ძირითადად თავისუფლების მოედნისა და სასტუმრო მარიოტის მიმდებარედ იყვნენ მობილიზებული, სადაც ბარიკადები აღმართეს სხვადასხვა საგნებისგან.

 

დღის ამბები