17 აგვისტო 2026,   13:42
ვრცლად
აქციაზე დაკავებული 12 პირის საქმე - მოსამართლემ ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მათ შორის, მოსამართლის აცილების თაობაზე

სამი დღის წინ, აქციაზე დაკავებული 12 პირის საქმის სასამართლო სხდომა განახლდა. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო გადაწყვეტილება, არ დაკმაყოფილდეს ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე.

აქციაზე დაკავებული 12 პირის ადვოკატი ერთხმად ითხოვდა მოსამართლე ზვიად ცეკვავას აცილებას. ისინი მოსამართლეს ტენდენციურობაში ადანაშაულებენ. როგორც უფლებადამცველებმა განმარტეს მოსამართლემ, დღის განმავლობაში, მათი არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მათ შორის, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ - ადვოკატები აცხადებდნენ, რომ დაკავებული 12 პირიდან 3, ჯანმრთელობის დაზიანების გამო, სხდომაზე მოსვლას ვერ ახერხებდა, ადვოკატებს კი სხდომაზე დასწრება დაკავებულების გარეშე არ სურდათ.

"ზვიად ცეკვავას არ სურს სასამართლო პროცესების გადადება და სურს, ამ ადამიანების სასამართლო პროცესები განიხილოს. ჩვენ, დაცვის მხარემ დავაყენეთ მისი აცილების მოთხოვნა, რადგან არ დაგვიკმაყოფილა არცერთი შუამდგომლობა, როდესაც ჩვენ ვითხოვდით მტკიცებულებების სრულფასოვნად გამოკვლევას; როდესაც ჩვენ ვითხოვდით, რომ გადადებულიყო სასამართლო პროცესები იქამდე, სანამ ეს ადამიანები იმკურნალებდნენ და სასამართლო დარბაზში მოსვლას შეძლებდნენ. სასამართლომ არ გაიზიარა არცერთი ჩვენი არგუმენტაცია," - აცხადებს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

უფლებადამცველებმა განმარტეს ისიც, რომ მოსამართლემ შეზღუდა მოწმეთა რაოდენობა და თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის საქმეზე შსს-ის წარმომადგენელი 1 მოწმე დაიკითხება, რასაც ადვოკატები ასევე არ ეთანხმებიან.

"შსს-ის წარმომადგენლების იურისტების მიერ დაყენებული შუამდგომლობის ფარგლებში, თითოეულ პირთან წარმოსადგენ 2 მოწმეზე, მოსამართლე, სამწუხაროდ, თავისი ინიციატივით იღებს გადაწყვეტილებას, რომ [ამ ორი მოწმიდან] ერთ-ერთი პირი უნდა მოიხსნას და, ფაქტობრივად, ადმინისტრაციულ საქმეში დარჩეს ერთადერთი მოწმის ჩვენება," - აცხადებს ლაშა ცუცქირიძე.

შეგახსენებთ, რომ გასული ღამის განმავლობაში, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის 50 მონაწილე დააკავეს. წინა დღეებში დასახელებული ციფრებიდან გამომდინარე, დაკავებულთა საერთო რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დროებითი მოთავსების იზოლატორებშია, ნაწილი კი, ადვოკატების ცნობით, კლინიკებში.

დღის ამბები