02 დეკემბერი 2024,   13:46
ვრცლად
"ხელოვნური დაბრკოლებები იქმნებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, იყო სერიოზული და უხეში შანტაჟი, საქმე - შანტაჟის ნაცვლად არის ჩვენი დამოკიდებულება" - ირაკლი კობახიძე

"საქმე - შანტაჟის ნაცვლად არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით აუცილებლად უნდა განვაგრძოთ გზა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი გახდება.

"რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამბიციური გეგმები და სერიოზული ამოცანები. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენი საარჩევნო პროგრამის თანახმად, 2028 წლისთვის უნდა გვქონდეს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი. რა თქმა უნდა, ეს დაპირება პირნათლად შესრულდება. ასევე, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გადაიტვირთება თვისებრივად ურთიერთობები, როგორც აშშ-სთან, ასევე, ევროკავშირთან. 20 იანვარს შედგება დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, შესაბამისად, აშშ-ს და ევროკავშირს ეყოლება ახალი ლიდერი და ამ ლიდერობის პირობებში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა არის შესაძლებელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდეს. გასული 4 წლის განმავლობაში ამ ურთიერთობებს შეექმნა სერიოზული პრობლემა, რომელიც არ ყოფილა ჩვენი ბრალი. ხელოვნური დაბრკოლებები იქმნებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, იყო სერიოზული და უხეში შანტაჟი. საქმე - შანტაჟის ნაცვლად არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით აუცილებლად უნდა განვაგრძოთ გზა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები