02 დეკემბერი 2024,   09:51
ვრცლად
როგორ ვითარდებოდა მოვლენები წუხელ ღამით რუსთაველის გამზირზე

აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი რუსთაველის გამზირზე რამდენიმე საათის განმავლობაში ხელისუფლების გადაწყვეტილებას მშვიდობიანად აპროტესტებდა. პარლამენტთან ვითარება ღამის 11 საათიდან დაიძაბა, რაც დემონსტრანტთა ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოს ფანჯრები ჩაამსხვრია და პიროტექნიკა ესროლა. შედეგად, ერთ-ერთ სამუშაო ოთახში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი წაეკიდა ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის შესასვლელსაც.

ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე. პარლამენტის უკანა შესასვლელთან მყოფ სამართალდამცველებს აქციის მონაწილეები პიროტექნიკას, ქვებს, ბოთლებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. პოლიციელები მალევე სპეცრაზმმა და წყლის ჭავლის მანქანამ ჩაანაცვლა. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.

ვითარების დაძაბვის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური განცხადება გაკეთდა. მინისტრის მოადგილემ აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდ ვითარებაში გამოხატვისკენ მოუწოდა.

მოწოდება შსს-სგან ადგილზეც არაერთხელ გაისმა. აქციის მონაწილეებმა მუნიციპალური ინვენტარით ხელოვნური ბარიერები აღმართეს. მოგვიანებით მათი მიმართულებით უკვე წყლის ჭავლის მანქანაც დაიძრა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები ისევ განაგრძობდნენ სამართალდამცველების მიმართულებით სხვადასხვა საგნებისა და პიროტექნიკის სროლას. ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე პოლიციამ რამდენიმე აქტივისტიც დააკავა.

სპეცრაზმმა ბარიკადებისგან გზის გაწმენდა და ჭიჭინაძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა დაიწყო. პარალელურად დაიძრა თავისუფლების მოედანზე განლაგებული წყლის ჭავლის მანქანაც სამართალდამცველებთან ერთად. პარლამენტის შენობის წინ კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. გამოიყენეს ე.წ. გაზის კაფსულებიც.

გაზის გაშვების შემდეგ მოქალაქეების ნაწილმა თავი ქაშუეთის ეკლესიას შეაფარა. ტაძარში მყოფი აქციის მონაწილეები ერთმანეთს ეხმარებოდნენ.

რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფოს მანქანებმა სამედიცინო დაწესებულებებში, სულ 44 ადამიანი გადაიყვანეს - აქედან, აქციის 27 მონაწილე, მედია საშუალების 1 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 წარმომადგენელი იყო. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რუსთაველის გამზირზე დაშავდა მედიის ორი წარმომადგენელიც - "ტვ პირველის" ტელეოპერატორი, გიორგი შეწირული ფეხის არეში მიყენებული დაზიანებით, კლინიკაში გადაიყვანეს. პირველი არხის ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძეს კი, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში.

მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა პარლამენტის წინ აქციის დაშლა დაიწყო, დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირზე, ოპერის შენობისკენ გადაინაცვლეს. გზად ისევ ბარიკადებს აწყობდნენ და ნაგვის ყუთებს ცეცხლს უკიდებდნენ.

მალევე სპეცრაზმმაც ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. აქციის დაშლის ღონისძიების დაწყებამდე ისევ გაისმა გამაფრთხილებელი ხმა, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებდა. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე აღმართული ხელოვნური ბარიკადები გაარღვიეს, რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. დემონსტრანტებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, იქვე განლაგდა სპეცრაზმიც. ადგილზე იყვნენ ოპოზიციის ლიდერებიც.

გამთენიისას ოპოზიციამ მხარდამჭერებთან ერთად, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა. საკანონმდებლო ორგანოში კი ამ დრომდე უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს - რაც იმას ნიშნავს რომ შენობაში ვერავინ შევა გარდა იმ პირებისა, ვისაც აპარატის უფროსი განსაზღვრავს. ასე გამოიყურება დღეს პარლამენტის შენობა - ჩამსხვრეულია მინები დაზიანებულია ინვენტარი. ამ თემაზე დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ფასადზე წარწერებიც გააკეთეს. პერიმეტრზე დილიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ და რუსთაველის გამზირის მოწესრიგება დაიწყეს.

დღის ამბები