02 დეკემბერი 2024,   14:48
ვრცლად
საპროტესტო აქციების მეხუთე დღე - როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2 დეკემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე

საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება. პროტესტის მეხუთე დილას პოლიციამ ზურა გირჩი ჯაფარიძე დააკავა. კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ჭავჭავაძის გამზირზე, აქტივისტებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ნაგვის ურნებით გზა გადაკეტეს. დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. ჯაფარიძის გარდა, ამავე ტერიტორიაზე აქციის კიდევ რამდენიმე წევრიც დააკავეს. ჭავჭავაძის გამზირამდე გამთენიისას ხმაური იყო რუსთაველის მეტროშიც. პოლიციამ იქ რამდენიმე პირი დააკავა.

საღამოს 7 საათზე დაწყებული აქცია დილის 7-ზე სწორედ რუსთაველის მეტროსთან დასრულდა. გადაკეტილი რუსთაველი, ბარიკადები, ცეცხლი, პიროტექნიკა და წყლის ჭავლი - პროტესტის მეოთხე ღამე წინა სამის მსგავსად დაიწყო. აქციის დაწყებიდან მალევე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თქვა, რომ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ძალადობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი და დაკავებული იყო 1 პირი.

მოწოდების მიუხედავად აქტივისტების ნაწილმა ისევ ჩაამსხვრია პარლამენტის ფანჯრები.ისროდნენ პიროტექნიკას, ბოთლებს, ქვებსა და სხვადასხვა საგნებს საკანონმდებლო ორგანოს შენობისა და სამართალდამცველების მიმართულებით. პარალელურად, აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ვითარება პერიოდულად იძაბებოდა ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე. განცხადება გაკეთდა შსს-შიც. მინისტრის მოადგილემ მოქალაქეებს ტერიტორიიდან ბავშვების გაყვანისკენ მოუწოდა. მალევე, გაფრთხილებები ადგილზეც გაისმა.

თავდაპირველად წყლის ჭავლი გამოყენებული იყო ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე, რის შემდეგაც სპეცრაზმი თავისუფლების მოედნიდან დაიძრა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან გაათავისუფლა. მომიტინგეთა წინააღმდეგ სამართალდამცველები წყლის ჭავლსა და ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებდნენ. აქციის მონაწილეები სპეცრაზმს პიროტექნიკას უპირისპირებდნენ და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. საპროტესტო აქციაზე დაშავდნენ მოქალაქეები, სამართალდამცველები და მედიის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფის წევრები.

ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს ჟურნალისტი თამთა ჩიტიშვილი, რომელსაც დაზიანება ფეხის არეში აქვს. სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა ჩვენს ოპერატორ გიორგი ნერგაძესაც. აქციის მონაწილეებმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც ბარიკადები აღმართეს, ხეები მოჭრეს და ცეცხლი წაუკიდეს. რუსთაველის გამზირზე დაიძრა სპეცრაზმიც, რომელმაც ტერიტორია ბარიკადებისგან გაათავისუფლა. დემონსტრანტებმა რუსთაველის მეტროსთან გადაინაცვლეს. ადგილზე იყო ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი. რუსთაველის მეტროდან მომიტინგეთა ნაწილმა ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლა. თავად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი გამთენიისას დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ. დილიდან დედაქალაქის მთავარ გამზირზე საავტომობილო მოძრაობაც აღდგა.

დღის ამბები