02 დეკემბერი 2024,   09:26
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ევროინტეგრაციაზე - ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია

ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზა ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე გადის, რომელსაც ხელისუფლება წლებია სრული სიზუსტით მიყვება. კობახიძემ დღეს ოპონენტები და ევროკავშირის ელჩი, ამ კუთხით, დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. თქვა, რომ თუ ევროკავშირი 2028 წლამდე მოლაპარაკებებს გახსნის, მზადაა ხელი დოკუმენტს მომენტალურად მოაწეროს.

პრემიერის განცხადებას დაუსაბუთებელს უწოდებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მოლაპარაკებების გახსნაზე მოთხოვნის 4 წლით გადადება ევროპულ ინტეგრაციას პერსპექტივას სრულად უკარგავს. პოლიტიკოსების თქმით, ქვეყნის ევროპული მომავალი რისკის ქვეშ დადგა,

მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შანტაჟის იარაღად გამოყენების მცდელობაზე საუბრობს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნების" ლიდერები განმარტავენ, რომ ევროკავშირის მესვეურების ნაწილის მხრიდან მსგავსი მიდგომის გამოყენება არაევროპულია.

ევროპული ინტეგრაციის გზაზე "ქართული ოცნების" მიღწევები დღეს საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ შეახსენა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი ხელისუფლების საქმიანობის ნათელი დასტურია. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია რომ პროცესს საბოლოო გაწევრიანებით სწორედ მისი გუნდი დაასრულებს.

საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისთვის მოლაპარაკების გახსნის მოთხოვნით მიმართვას 2028 წლამდე საკუთარი ინიციატივით აღარ აპირებს. ქვეყანა მზადაა შემოთავაზებას ნებისმიერ დროს დათანხმდეს და ამავდროულად ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას განაგრძობს.

 

 

 

დღის ამბები