02 დეკემბერი 2024,   09:40
ვრცლად
აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა - ოპოზიცია პასუხისმგებლობას "ოცნებას" აკისრებს, მმართველი გუნდი კი ამ გადაწყვეტილების დროებითობაზე საუბრობს

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობას აჩერებს. გადაწყვეტილების შესახებ ქვეყანამ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით შეიტყო. ვაშინგტონი გადაწყვეტილების მიზეზებზეც წერს და განმარტავს, რომ "ქართული ოცნების" არადემოკრატიული ქმედებები ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირეულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

აშშ-ის გადაწყვეტილებას დროებითი უწოდეს საქართველოში. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მოქმედი, მომავალ ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობას უტოვებს. ირაკლი კობახიძე ისევ დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თვისობრივად შეიცვლება. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ხელისუფლებას ახლად არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია უკვე ჰქონდა.

საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას აშშ-ს, ქართველი ოპოზიციონერები კი - "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. გიორგი გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ შემდეგი ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესება უნდა იყოს.

მაშინ, როცა აშშ-ის ადმინისტრაცია ძალაუფლების გადაბარების პროცესშია, პირველი კანონმდებელი ფიქრობს, რომ ასეთი სახის გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს.

გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება საქართველოს დააზარალებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მომავალი წლიდან გადაიტვირთება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ განცხადება გუშინ გამოაქვეყნა.

ავტორი: იზი ბურნაძე.

დღის ამბები