საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ამჯერადაც საღამოს 19:00 საათზე დაიწყო. შეკრების შემდეგ, მომიტინგეთა ნაწილი ჭიჭინაძის ქუჩაზე ავიდა.
შეკრებილებმა გზის ჩახერგვა ნაგვის ურნებით სცადეს, თუმცა მოგვიანებით ურნები ტერიტორიიდან თავადვე გაიტანეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ მიიტანეს კვერცხებიც.
სხვა ღამეებისგან განსხვავებით, დემონსტრანტებმა ამჯერად მხოლოდ რამდენიმე ერთეული პიროტექნიკა გამოიყენეს, არ იყო ძალადობის ფაქტებიც. ბოლო შვიდი ღამის განმავლობაში, პირველად არ ყოფილა ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის. შესაბამისად, სამართალდამცველებს სპეციალური საპოლიციო ღონისძიებებისთვის აღარ მიუმართავთ: არ გამოუყენებიათ არც წყლის ჭავლი და არც გაზის კაფსულები.