საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული პირების პროცესი იწყება. მათ ბრალი გუშინ წაუყენეს.
ბოლო ერთ კვირაში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსით 23 პირი დააკავა, მათგან 13-ს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მონაწილეობას და საჯაროდ მოწოდებას ედავებიან.
ბოლოს დაკავებულ 5 პირს შორის არის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც, რომელიც დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის უცხო ქვეყნის მოქალაქეც.
დღეს, საქალაქო სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე 8 პირის საქმეზე იმსჯელებს, აქედან ხუთს პირს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, ხოლო სამს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
ვასილ კაძელაშვილის ადვოკატის, რევაზ აჭარაძის განცხადებით, საქმეში არსებული საქმის მასალები, არ ამტკიცებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან, რომ, თითქოს ის აორგანიზებდა ჯგუფურ არეულობებს, ძალადობებს, რაც არ შეესაბამება რეალობას. რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება მას არ ჩაუდენია. მასალები, რაც გადმოგვეცა ბრალდებისგან, არანაირი სახის მტკიცებულებას არ შეიცავს, რაც რომელიმე ობიექტურ მესამე დამკვირვებელს დაარწმუნებდა, რომ ამ პირმა რაიმე სახის ქმედება ჩაიდინა", - განაცხადა რევაზ აჭარაძემ.
ზვიად ცეცხლაძის უფლებადამცველის, დავით ჭიკაიძის თქით, წარდგენილ ვიდეო მასალებში არ ჩანს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვინმეს ძალადობისკენ მოუწოდებდეს, ან თავად მიმართავდეს რაიმე ძალადობრივ ქმედებებს.
"დადგენილების მიხედვით, ზვიად ცეცხლაძეს ბრალდების მხარე ედავება ჯგუფურ ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. გადმოგვეცა საქმის მასალები, მტკიცებულებები, სადაც წარმოდგენილია გამოკითხვის ოქმები, ასევე წარმოდგენილია სოციალური ქსელიდან აღებული კადრი, სადაც ზვიად ცეცხლაძის გამოსახულება ჩანს, ის საუბრობს, მაგრამ კონკრეტული შინაარსი, რომ ის მოუწოდებდეს ჯგუფს, ან პირადად იღებდეს მონაწილეობს ძალადობრივ დაჯგუფებაში, ასეთი შინაარსი, გადმოცემულ ვიდეოფაილების მიხედვით ჩვენ ვერ მოვისმინეთ და ვერ გავაცანით", - განაცხადა დავით ჭიკაიძემ.