26 დეკემბერი 2024,   14:44
ვრცლად
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიასა და საბა ჯიქიას, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ანზორ კვარაცხელიას, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გაასაჩივრებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე კი ანზორ კვარაცხელიამ სასამართლოს სიტყვით მიმართა.

"ბოდიშს ვუხდი აქ მჯდომებს ჩემი საქციელიდან გამომდინარე, ასევე, ჩემ შვილებს, რა პოზიციაშიც ვარ, მათთვის ეს სამაგალითო არ არის," - აღნიშნა ანზორ კვარაცხელიამ სასამართლო სხდომის დროს.

გარდა ამისა, პატიმრობა შეეფარდა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ საბა ჯიქიასაც. მისი ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

"საბა ჯიქიას კონკრეტულად ედავებიან, რომ ფეხი ჩაარტყა პოლიციის თანამშრომელს სხეულის არეში, თუმცა ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ძალიან ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ დანა ეჭირაო. თუმცა დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ მსგავსი არაფერი არ ფიგურირებს. ვიდეო ჩანაწერში ჩანს პრიალა საგანი, თუმცა ეს პრიალა საგანი რა არის, არ არის იდენტიფიცირებული, მაგრამ ამ საგანს ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ეს არის ბავშვი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია სამართალდამცველ ორგანოებთან. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში," - აცხადებს საბა ჯიქიას ადვოკატი.

 

დღის ამბები