ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ბრალდებულის სკამიდან ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა, თუმცა მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობაში დატოვეს იუმორისტი ონისე ცხადაძეც და კიდევ 4 პირი, რომლებსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ბრალს არცერთი აღიარებს. გადაწყვეტილების მიღებამდე ონისე ცხადაძემ დაიფიცა, რომ უდანაშაულოა და თუ გაათავისუფლებენ, გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ ადვოკატები და მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. დაცვის მხარის წარმომადგენლები დღეს დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ. ეს მოლოდინი ჰქონდა ანდრო ჭიჭინაძის მამასაც.
საქმის პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე 6 პირის პატიმრობაში დატოვება რამდენიმე არგუმენტით მოითხოვა. მათ შორის, მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების მოლოდინი დაასახელა. ისაუბრა მტკიცებულებებზეც, რომლის ნაწილი საგამოძიებო უწყებებმა გაასაჯაროვეს. საუბარია ვიდეოკადრებზე, სადაც აქციის დროს ბრალდებულების ქმედებები ჩანს.
ბრალდებულების მხარდასაჭერად სასამართლოში დაკავებული მსახიობის და იუმორისტის მეგობრები, კოლეგები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ყველა მათგანი სასამართლოს გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს.
სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, საპროტესტო აქციებზე ჯამში 28 პირი დააკავეს. პოლიციაზე თავდასხმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა ან მოწოდება, ასევე აფეთქება და ნივთის დაზიანება - ამ ბრალდებით დაკავებულების დიდ ნაწილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა ანზორ კვარაცხელია, რომელსაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.
პატიმრობაში დარჩა 18 წლის საბა ჯიქია. აქციიდან მისი ვიდეოც გავრცელდა. ეს ჩანაწერი ახლა საქმის მტკიცებულებებში დევს. 18 წლის ახალგაზრდა პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
დღეს, ჯამში 8 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელეს. ყველა მათგანს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულების ნაწილის მიმართ, სხდომები მომდევნო დღეებში ჩატარდება. სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით ბრალდებული აქციის მონაწილეების საქმეების არსებით განხილვა, იანვარში დაიწყებს.