საქართველოს ეროვნული ლიგის 2024 წლის შემაჯამებელი ღონისძიებაზე, წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები გამოვლინდნენ. მთავარი ჯილდო, საუკეთესო ფეხბურთელის წოდება გიორგი კოხრეიძემ მოიპოვა. იბერია 1999-ის ნახევარმცველმა ჩემპიონობასთან ერთად, სეზონში 16 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. წლის საუკეთესო მწვრთნელი, ჩემპიონი ლევან კორღალიძე გახდა.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ის ბიორნ იონსენია. ტორპედოს ფორვარდმა 23 გოლის გატანა შეძლო. წლის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი კი თორნიკე მორჩილაძე გახდა. თელავის ფეხბურთელმა მეტოქეს კუთხურიდან გაუტანა.
ქალთა ეროვნულ ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო - ანანო წიქარიძეს გადაეცა, ბომბარდირი - ნინო ბუხრიკიძე გახდა. საუკეთესო მწვრთნელი წოდება - ლანჩხუთის დამრიგებელს - გიორგი ჩხაიძეს მიენიჭა.
საქართველოს ჩემპიონი იბერია მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. კონფერანს ლიგაზე გავიდნენ "ტორპედო", "დილა" და "სპაერი", რომელიც ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარია, თუმცა საქართველოს თასის ფინალში დინამო თბილისი დაამარცხა და ამ ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი