12 დეკემბერი 2024,   19:28
ვრცლად
"ნიღბების აკრძალვა შეეხება მხოლოდ აქციის მონაწილეებს. ჟურნალისტებს, ექიმებს, მეხანძრეებს და სხვა ადამიანებს, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ ამ ტერიტორიაზე, ეს ვალდებულება, ბუნებრივია, არ ექნებათ" - მამუკა მდინარაძე

როდესაც "TV პირველის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ, არაფერი არ ამართლებს მასზე თავდასხმასა და არაკაცობას მასზე ჩადენილს, ამორალურობასა და ამაზრზენობას. არაკაცურია, არაქართულია და უმორალოა, რაც ჩვენ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

"ამ საქმეს სჭირდება გახსნა. ახლა უნდა მივიდნენ და სახელები და გვარები დაასახელოს მტკიცებულებებით. კეთილი ინებონ, წავიდნენ გამოძიებაში. ვიღაცები დაიკითხნენ, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ არის.

ათასობით ადამიანი აქციაზე ყოველდღე დადიოდა ნიღბით და თავად პოლიციას თავს რომ ესხმოდნენ, იმაში არ ერეოდნენ პოლიციელები. სახეს რომ უწვავდნენ 30 და 20 მეტრიდან მსხვილკალიბრიანი პიროტექნიკით იმაზე არ და ვერ რეაგირებდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებული ესკალაცია არ გამოეწვიათ. ამათ უნდათ, რომ 30 მეტრში პიროტექნიკას, ქვასა და სხვადასხვა ნივთს რომ ესვრიან პოლიციას, ამაზე რეაგირების გარეშე გაჩერდნენ, მაგრამ მეორე კუთხეში უნდა სდიოს ვინმემ ვინმეს ხელი არ დააკაროს, ჩაერიოს იმ წამსვე და რეაგირება უნდა მოასწროს "რუსულმა პოლიციამ", როგორც ისინი ეძახიან. თან რუსულს ეძახიან, თან დედასა და ცოლ-შვილს აგინებენ, თან უნდა გაერკვეს ის ადამიანი, სად რა ხდება.

ნიღბების აკრძალვა მსგავსი ქმედებების პრევენციას მოახდენს. იქ რომ ვერ შესძლებოდათ ნიღბებით გადაადგილება, საქმე უკვე გახსნილი იქნებოდა, მტკიცებულებები დაიდებოდა. ახლა ვილაპარაკოთ მთელმა თბილისმა, ვინ იყო და ვისი ნათესავი იყო. ამ დროს, ნიღბიანი ადამიანის ამოცნობა და ხელის დადება არავის არ უნდა.

ნიღბების აკრძალვა შეეხება მხოლოდ აქციის მონაწილეებს. ჟურნალისტებს, ექიმებს, მეხანძრეებს და სხვა ადამიანებს, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ ამ ტერიტორიაზე, ეს ვალდებულება, ბუნებრივია, არ ექნებათ", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები