19 დეკემბერი 2024,   01:41
ვრცლად
"ჩვენი დღის წესრიგი არის დასავლელ პარტნიორებთან ფართო ურთიერთობა, პარლამენტში არ შესვლა და ოპოზიციის მტკიცე ფორმებით შეკვრა" - ლევან სანიკიძე ოპოზიციის გეგმებზე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ გადაცემა "ღამის კურიერში" ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციის მხრიდან გააქტიურდეს კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ შევიდეს პარლამენტში.

"ეს საპროტესტო აქცია არ ეკუთვნის რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ეს არის ყველას საკუთრება, თითოეული ქართველის საკუთრება და დაუშვებელი ამ პროტესტმა რაიმე სახით მიიღოს პარტიული ფორმა. თუმცა, ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკური მოთხოვნები დგას იქ, რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური ბერკეტების ჩართვის აუცილებლობა.

რაც შეეხება ოპოზიციის გეგმას, მათ უნდა შეასრულონ პროგრამის ის მინიმუმი, რაც აქვთ - ერთი არის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია სანქცირების საკითხებთან დაკავშირებით და მეორე, არცერთი ფორმის არ უნდა მისცენ "ქართულ ოცნების" ხელისუფლებას ლეგიტიმაციის მიღების საშუალება, რაც გულისხმობს როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას და რაც მთავარია პარლამენტში არ შესვლას, იმიტომ, რომ დღეს არსებული სტატუსკვო "ქართული ოცნებისთვის" არის ძალიან მძიმე.

საპარლამენტო რესპუბლიკაში მათ ჰყავთ არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა და თვითონ დანიშნეს არალეგიტიმური პრეზიდენტი, შესაბამისად ჩვენი დღის წესრიგიც არის სწორედ ეს - დასავლელ პარტნიორებთან მტკიცე და ფართო ურთიერთობა, პარლამენტში არ შესვლა და ოპოზიციის მტკიცე ფორმებით შეკვრა. რაც მთავარია, ქართველ ხალხთან ერთად იმ ქუჩის პროტესტში რიგით წევრებად თანამონაწილეობა, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღის ამბები