19 დეკემბერი 2024,   02:55
ვრცლად
"სიყალბეზე აგებული იყო ის, რაც ევროპარლამენტში ვიხილეთ" - გიორგი კახიანი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლის შესახებ

"მთელი ეს მისი გამოსვლა აგებული იყო სიყალბეზე. მისი გამოსვლის ამოსავალი წერტილი იყო, რომ არჩევნები გაყალბდაო და ყველაფერი დანარჩენი რაც ისაუბრა, დაშენებული იყო ამაზე, ამ აღქმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა", - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება. საუბარია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც მან ევროპელ პოლიტიკოსებს მიმართა.  

გიორგი კახიანი "ღამის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ კონკრეტულად რა იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლის დროს, მისთვის უცნობია. 

"ფაქტია, რომ რაღაცისკენ იყო მოწოდება. რა იგულისხმა პრეზიდენტმა არ ვიცი, მაგრამ ლოგიკურად რომ დავუფიქრდეთ, თუკი რამის გაკეთება შეიძლებოდა, ყველაფერი გაკეთდა. როგორ ხდებოდა, რა მასშტაბით ხდებოდა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც, ეს ხომ საზოგადოებამ ნახა? ამაზე მეტი რა შეიძლება მოხდეს ვერ წარმომდგენია, გარდა ვიზალიბერალიზაციისა. თუ ესეც იკადრა პრეზიდენტმა, ისევე როგორც ამას პოლიტიკური რადიკალური ჯგუფები აკეთებდნენ, როდესაც მათ მიერ გაგზავნილი წერილებიდან ირკვეოდა ეს ყველაფერი, რომელიც შემდგომ გასაჯაროვდა - ჩანს, რომ პირდაპირ მოუწოდებდნენ ქვეყნის დასანქცირებაზე, საუბრობენ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვაზე და ა.შ. პრეზიდენტის მოწოდება თუ ამას გულისხმობდა, არ ვიცი, ქვეყნის და მოსახლეობის ღალატი მეტი რა შეიძლება იყოს? ამიტომ, ვერ გეტყვით, რა იგულისხმა პრეზიდენტმა.

მთელი ეს მისი გამოსვლა აგებული იყო სიყალბეზე. მისი გამოსვლის ამოსავალი წერტილი იყო, რომ არჩევნები გაყალბდაო და ყველაფერი დანარჩენი რაც ისაუბრა, დაშენებული იყო ამაზე, ამ აღქმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა. არჩევნები რომ არ გაყალბდა, ამაზე დღეს კიდევ ღირს საუბარი?!

ამოსავალი წერტილი მაინც არის არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა. თუ არჩევნები არ გაყალბდა, ის რაც ვიხილეთ, ეს ყველაფერი იყო ფარსი. სიყალბეზე აგებული იყო, ის რაც ევროპარლამენტში ვიხილეთ," - აცხადებს გიორგი კახიანი.

  

დღის ამბები