18 დეკემბერი 2024,   23:59
ვრცლად
მსხვერპლი, რომელზე ღიად საუბარსაც არ ერიდებიან - მმართველი გუნდი მაკკეინის ინსტიტუტის მისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას აკრიტიკებს

მსხვერპლი, რომელზე ღიად საუბარსაც კი აღარ ერიდებიან - მმართველი გუნდი მაკკეინის ინსტიტუტის მისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას აკრიტიკებს. საუბარია ამერიკული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოში მიმდინარე პროტესტის ანალიზზე. ტექსტში მისიის წევრები გაკვირვებას არ მალავენ, რომ პროტესტს ამ დრომდე მსხვერპლი არ მოჰყოლია. მაკკეინის ცენტრში ფიქრობენ, რომ საჭიროა აქტიური მუშაობა ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების კუთხით. სახელისუფლებო პარტიაში განცხადებას მორიგ აღიარებად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ოპონენტების მიზანს მხოლოდ ქაოსი და დესტაბილიზაცია წარმოადგენს.  

მაკკეინის ინსტიტუტის მისია საქართველოში 9-დან 13 დეკემბრამდე იმყოფებოდა. ინსტიტუტი, რომელმაც ჯერ კიდევ არჩევნებამდე 1 თვით ადრეს ოპოზიციისთვის პოსტ-საარჩევნო ქმედებების გაიდლაინი გამოაქვეყნა, ახლაც დარწმუნებულია, რომ სანქციები მოვლენებს დააჩქარებს.

გაკვირვება დემონსტრაციებზე მსხვერპლის არარსებობის გამო - ოპოზიციას მაკკეინის ინსტიტუტის სუბიექტურ მოსაზრებად მიაჩნია. რაც შეეხება სანქციებს - ხელისუფლების ოპონენტები ინსტიტუტის მოსაზრებებს სრულად იზიარებენ და ეთანხმებიან.

პრემიერ-მინისტრს, მაკკეინის ინსტიტუტისა და ოპოზიციის პოლიტიკური სტრატეგიის თანხვედრა არ უკვირს. ირაკლი კობახიძემ განცხადებას დღეს მორიგი თვითლუსტრაცია უწოდა. პრემიერის თქმით, გარკვეული ძალების დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა ჩავარდა. მთავრობის მეთაური სტაბილურობის შენარჩუნების გარანტად, გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს ასახელებს.

მაკკეინის ინსტიტუტმა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადება 17 დეკემბერს გამოაქვეყნა. მანამდე იყო გზამკვლევი ოპოზიციისთვის. ცენტრის მიერ, არჩევნებამდე გამოქვეყნებულ დასკვნაში პირდაპირ ეწერა, რომ ოპოზიციამ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების შემდეგ დემონსტრაციებითა და არჩევნების არაღიარების მცდელობით უნდა შეძლოს.

 

დღის ამბები