საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სკამს ებღაუჭებოდეს და ამბობდეს, რომ პრეზიდენტად კვლავ ის რჩება.
როგორც კახიანმა გადაცემა "ღამის კურიერში" განაცხადა, იმედს იტოვებს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მხოლოდ განცხადებებად დარჩება და ბოლოს ის მაინც დატოვებს ორბელიანების სასახლეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი მისთვისვე იქნება დამამცირებელი.
"ქალბატონი სალომე არის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ექვსი წლის ვადით არის არჩეული, ყველა სხვა პრეზიდენტი 5 წლის ვადით იყვნენ არჩეულნი. ეს ექვსწლიანი ვადა გაუვიდა, ახლა მეშვიდე წელი წავიდა მისი პრეზიდენტობის.
ასეთ შემთხვევა ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა - პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა გასვლოდა და იგი მაინც ამბობდეს, რომ არ დატოვებს სასახლეს და პირდაპირი გაგებით, სკამს ებღაუჭებოდეს.
მგონია, რომ რეალურად არც არაფერი არ მოხდება. არ მგონია, პრეზიდენტი ვერ მიხვდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით ის თავს იმცირებს. როგორ შეიძლება საზოგადოების თვალში ნორმალურად გამოჩნდეს პრეზიდენტი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გაუვიდა და საუბრობს იმაზე, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციაა. თურმე ქვეყანაში სხვა არაფერი არ არსებობს და მან უნდა გააგრძელოს თავის უფლებამოსილება.
მგონია, რომ ეს განცხადებები განცხადებებად დარჩება და საბოლოო ჯამში, იგი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. ზოგადად, ქვეყნისთვისაც არ არის ლამაზი სურათი.
29 დეკემბრიდან, მას შემდგომ, რაც ახალი პრეზიდენტი ფიცის ტექსტს დაასრულებს, ქალბატონ სალომეს უფლებამოსილება შეუწყდება და ვერანაირად ვერ იქნება იგი პრეზიდენტი. არ ვიცი ის როდის დატოვებს სასახლეს, 29-ში, 30-ში თუ მოგვიანებით, მაგრამ მგონია, რომ მოგვიანებით ის მაინც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა გიორგი კახიანმა.