ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - "ბაკურიანი - 2025-ის" - დაწყებამდე 53 დღით ადრე, "მშვიდობის ცეცხლის" ანთების საზეიმო ღონისძიება რომში გაიმართა, რომელიც ქართველმა სპორტსმენებმა - ანასტასია მირიანაშვილმა და ნიკოლოზ ეგაძემ, ასევე Bakuriani 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა აანთეს. მასშტაბური სპორტული შეჯიბრის მოახლოებასთან ერთად, თამაშების მიმართ იზრდება მოლოდინიც და ინტერესიც.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "ბაკურიანი - 2025" 9-16 თებერვალს გაიმართება და სპორტის რვა სახეობაში ჩატარდება, რომელსაც სპეციალურად, ფესტივალისთვის ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოწყობილი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს და ამით ევროპაში მერვე ქვეყანა გახდება, რომელსაც ჩატარებული ექნება როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.
9-დან 16 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს, 2000 სტუმარზე მეტი და 1000-მდე სპორტსმენი ესტუმრება, რომლებიც, საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად, ერთმანეთს ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეეჯიბრებიან.
ბაკურიანი 2025 ის მასპინძლობა, განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ქვეყანაში ზამთრის ტურიზმისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების კუთხით. ქვეყანა კი საქართველოში, ოლიმპიური ცეცხლის ჩამოტანის მოლოდინშია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას 22 დეკემბრიდან დაიწყებს.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი