"ქუჩაში პროტესტზე მნიშვნელოვანი არაფერია - სავსებით ცხადია, რომ ხალხისთვის (როგორც ხელისუფლების წყაროსთვის) წართმეული ხელისუფლება უნდა დაიბრუნოს მანვე", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი წევრი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, ამ ფონის მიუხედავად, არ შეიძლება პოლიტიკურმა კლასმა საკუთარი თავი ფაქტიურად გაიუქმოს და პროცესს ჭირდება მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები.
"ქუჩაში პროტესტზე მნიშვნელოვანი არაფერია - სავსებით ცხადია, რომ ხალხისთვის (როგორც ხელისუფლების წყაროსთვის) წართმეული ხელისუფლება უნდა დაიბრუნოს მანვე
მაგრამ, არ შეიძლება პოლიტიკურმა კლასმა საკუთარი თავი ფაქტიურად გაიუქმოს. არაფერი დასაკომპლექსებელი დღევანდელ ოპოზიციას არ სჭირს, პირიქით, ძალიანაც პირიქით. ვინც რაც არ უნდა თქვას, გინდა ქუჩაში მდგომმა და გინდა სახლში თუ კამერის წინ მჯდომმა.
ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არა ბუნდოვანი ემოციური ტექსტები, რომელიც გულის მოფხანის და (მაქსიმუმ) აპლოდისმენტების იქეთ არ მიდის. არაა ახლა დრო საკუთარი თავის მოწონების პროცესში, დროა პროცესის მოწონების საკუთარ თავში. სამშობლოს გადარჩენის დროა და არა აპლოდისმენტების. ბრძოლის დროა და არა პროცესით ტკბობის. რეჟიმი თავისით არ ჩამოიშლება, ის უნდა ჩამოშალო", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.