გერმანიის საელჩოს მიერ 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების შეჩერებას პოლიტიკოსები აფასებენ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ქართული საზოგადოება სახელმწიფოებრივად ძალიან გაიზარდა, ამიტომ გერმანიის ელჩმა მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებები არ უნდა გააკეთოს.
"საქართველოს საზოგადოება ძალიან გაიზარდა სახელმწიფოებრივად. როცა შენ, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში ელჩი, ნაცვლად იმისა, რომ ილაპარაკო ორ ქვეყანაში შორის მეგობრულ ურთიერთობაზე, იმუქრები და ამბობ, რომ ქართველ ხალხს არ მისცემ გამოყოფილ თანხას და მისცემ შენს აგენტურას საქართველოში, რატომ ჰგონიათ, რომ ეს იმოქმედებს მათ სასარგებლოდ.
წყლის მიწოდების დაფინანსებას რომ შეუწყვეტ ხალხს და მოლოტოვის კოქტეილს შეუძენ შენივე აგენტურას საქართველოში, რატომ გონია გერმანიის ელჩს, რომ ამას კარგად მიიღებს ქართული საზოგადოება. ცოტა გადაიკითხოს საქართველოს ისტორია, ქართული ტრადიციები, მერე მიხვდება, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები არ უნდა გააკეთოს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.