დატოვებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს ახლად არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ - ეს კითხვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აქტუალურია მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თავს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგაც ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის მისაღებია, თუმცა მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს წევრი, ლანა გალდავა: "ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. სალომე ზურაბიშვილის გასაკეთებელი კომენტარია, ის დარჩება შენობაში თუ არა.
რაც შეეხება უშუალოდ ლეგიტიმაციას - შენობა არ ქმნის ლეგიტიმაციას, ის აქვს თვითონ პრეზიდენტს, როგორც საშინაო, ისე საგარეო. შესაბამისად, დარჩება ათონელის სასახლეში თუ გადავა სხვა ადგილას, მას ეს ლეგიტიმაცია თან გაჰყვება".
კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი: "ოპოზიციის და ლეგიტიმური პრეზიდენტის, ქალბატონი სალომეს გეგმები არის ის, რომ ხვალ იქნება ბევრი ხალხი რეზიდენციასთან, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, უილსონის განცხადებაც ვნახეთ, რომ მოიწვია ტრამპის ინაუგურაციაზე, როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი. საერთაშორისო არაღიარების პოლიტიკა გრძელდება - არავინ არ აღიარებს ყაველაშვილს, როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს."
ავტორი: ნანა გოგატაძე.