ტრაგედია ოკუპირებულ აფხაზეთში - გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარმა 5 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულებს შორის ყველაზე პატარა რამდენიმე თვის იყო. შემთხვევის დროს მცირეწლოვანი ბავშვები ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მაშველებმა მხოლოდ ბებიის გადარჩენა შეძლეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც "კურიერმა" გაარკვია, დაღუპული ბავშვების მშობლები წინა დღეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადავიდნენ და ბავშვების დედა ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
ამასთან, როგორც ირკვევა, ბავშვები, მშობლებთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდნენ, დროებით ოკუპირებულ გალის რაიონში კი არდადეგების გამო იყოფებოდნენ.
"გავიგეთ, რომ დაიწვნენ ბავშვები, ცეცხლი წაეკიდა სახლს. ახლა არდადეგები რომ იყო, წასულები იყვნენ. ეს ბავშვები აქ გაიზარდნენ, ჩვენ თვალწინ", - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
"ბოლო ერთი თვეა, წასულები იყვნენ ოკუპირებულ აფხაზეთში ბებიასთან, ხოლო მშობლები ზუგდიდში იყვნენ გადმოსულები", - ამბობს ერთ-ერტი ადგილობრივი.
გარდა ამისა, ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზზე საუბრობს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს მოსაზღვრე სოფლის ფახულანის გამგებელი.
"გარდაცვლილია 5 მცირეწლოვანი ბავშვი. აფეთქდა ოთახი და 5 ბავშვი დაიწვა. მესამეკლასელია უფროსი და უმცროსი - 8 თვის.
მძიმე მდგომარეობაში არისო ქალბატონი. შველას ითხოვდა, ბავშვების გამოყვანას ცდილობდა. დამწვარია, ცოცხალია, მაგრამ მძიმე მდგომარეობაშია.
ღუმელს ანთებდა, ბენზინი აქვს ჩასხმული", - აღნიშნა ფახულანის გამგებელმა, კახა გოგოხიამ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.
ტრაგედია ჭოლარიების ოჯახში მოხდა. ცეცხლი კერძო სახლს გაუჩნდა.